ამის შესახებ ვრცელი განცხადება მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
“ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ქალბატონი თინა ხიდაშელი, რომელიც, ფაქტობრივად, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ საია დაუმსახურებლად არ გააკრიტიკოს და ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას ზიანი არ მიაყენოს. მე ერთ-ერთ ბოლო მაგალითს მოვიყვან (მაგალითები დაგვიგროვდა, სამწუხაროდ) და დასკვნები მკითხველმა გამოიტანოს, თუ რამდენად იმსახურებდა საია იმ ეპითეტებს, რასაც თინა ხიდაშელი ასე თავდაჯერებით იმეორებდა ეკა კვესიტაძის გადაცემაში.
ამ გადაცემაში ის ამბობდა, რომ როდესაც საია მამუკა მიქაუტაძის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემას მოითხოვს, ეს აბსოლუტურად არაპროფესიული და არასწორი ქმედებაა და მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარო.
დავანებოთ თავი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს მიერ არაერთ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გამყარებულ მიდგომას თუ სტანდარტს, რომლის თანახმადაც ერთი უწყების თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებას იმავე უწყების წარმომადგენლები არ უნდა იძიებდნენ. სამწუხაროდ, ევროპული სასამართლოს მიდგომები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის იმდენად პოპულარული, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მიდგომების მიხედვით იმოქმედონ, ხოლო თუ არ მოქმედებენ, პოლიტიკოსებმა ასეთი რჩევა მაინც მისცენ და მათი მუშაობის მანკიერი მხარეების გაუმჯობესებაზე იზრუნონ. დავანებოთ თავი ევროპული სასამართლოს მიდგომებს და ვნახოთ, რა წერია ჩვენს კანონმდებლობაში და რა საფუძველი აქვს ზემოაღნიშნულ “აბსოლუტურ რწმენას”:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, “საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი”. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრმა განსაზღვრა საგამოძიებო ქვემდებარეობა. კერძოდ, 2013 წლის 07 ივლისის N34 ბრძანების მე-2 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება…
იქნებ, ვინმემ ამიხსნას, რატომ არის საიას მოთხოვნა მ. მიქაუტაძის საქმეზე გამოძიების შსს-დან პროკურატურისთვის გადაცემის შესახებ, ქალბატონ თინას სიტყვებით რომ ვთქვა, “აბსოლუტურად არასწორი და არაპროფესიონალური მიდგომა???” _ წერს კოჟორიძე.






























































