საანგარიშო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია შედარებით გააქტიურდა, თუმცა, ამასთანავე, დაფიქსირდა ძალადობრივი ხასიათის ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის მიმდინარეობისას. ორგანიზაციამ გამოავლინა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცალკეული შემთხვევები, ასევე, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციის გაწევის ერთი და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქმიანობის ხელის შეშლის ორი შემთხვევა.
ამჟამად მიმდინარეობს საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის საკითხი ყველაზე პრობლემატურია.
ანგარიშში მოხვდა „გურია ნიუსის“ მიერ დაფიქსირებული დარღვევა:
“ გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ _ „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ _ საარჩევნო კოდექსის დარღვევით გასწია კოალიცია „ქართული ოცნების“ აგიტაცია. ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები გადასცა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ საზოგადოებას ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბიდან მიაწოდა და გაწეული დახმარებისათვის პარტიას მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ქმედებით ორგანიზაციამ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა კანონის დარღვევით მიიღო“.
სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:
ხელისუფლებას _ მომავალშიც ერთმნიშვნელოვნად დაგმოს და გაემიჯნოს ძალადობის თითოეულ ფაქტს, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლისკენ;
სამართალდამცავ ორგანოებს _ გასწიონ მაქსიმალური ძალისხმევა ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენონ ადეკვატური სანქციები;
პოლიტიკურ პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებს _ უზრუნველყონ ოპონენტის მიმართ აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დისტანცირება სხვა პარტიის თუ კანდიდატის მიერ გამართული შეხვედრებისაგან. მკაფიოდ მოუწოდონ თავიანთ წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ნებისმიერი ხასიათის ზეწოლისგან.
პრეზიდენტობის კანდიდატებს _ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე კანდიდატებმა, განსაკუთრებით მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატმა, თავი შეიკავონ ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობისაგან;
ცესკოს და ცესკოს თავმჯდომარეს _ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა რეგისტრაციის საკითხის განხილვის დროს მოახდინოს კანონის იმდაგვარი განმარტება, რომელიც შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციის 29-ე, 70-ე და 1044-ე მუხლებთან და რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანაბარი შესაძლებლობების რეალიზებას, დარეგისტრირდნენ კანდიდატებად;
მოხდეს მსჯელობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებების გადახედვაზე;
საქველმოქმედო ორგანიზაციებს _ თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რაც იწვევს საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებთან მათი საქმიანობის ასოცირებას;
სახელმწიფო უწყებებს _ იყვნენ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ.