“გურია ნიუსთან” სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის წევრი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოცემულ განკარგულებას, სარეფერენდუმო საკითხზე უარის თქმასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრებენ.
“ჩვენ, 1 თვის წინ მივმართეთ ცენტრალურ სარჩევნო კომისიას, ინიციატივით, რომ ჩაეტარებინა რეფერენდუმი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუსტად ბოლო დღეს გვითხრა უარი.
ეს განკარგულება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ზის. ეს არის პოლიტიკური პასუხი. ცესკომ გვითხრა პოლიტიკური უარი. რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. სადაც შავით თეთრზე წერია ტყუილი. კანონის ინტერპრეტაციაა გაკეთებული. როგორც ცესკო წერს, “მათი ანალიზით იკვეთება, რომ რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს მხოლოდ იმ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით.” კანონში წერია, რომ მათ შორის საქართველოს კონსტიტუციითო და ცესკო პასუხობს, მხოლოდ იმ განსაკუთრებულ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. რა ჰქვია ახლა ამას? ან რომელი ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ცესკომ? ჩვენ ამას 5 დღის ვადაში გავასაჩივრებთ.” – განაცხადა კაკაბაძემ.