_ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი ქალბატონი ნ.ს. გუშინ, 29 მაისს, საღამოს დაახლოებით ათ საათზე ოზურგეთში ე.წ. გმირთა მოედანზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თვითმხილველებმა აცნობეს.
მათი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ოზურგეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა, მედპერსონალისთვის არავის განუმარტავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მცხოვრებ 57 წლის ე. მ.-ს ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჰქონდა მიყენებული.
როგორ “გურია ნიუსს” ოზურგეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მორიგე ოპერატორმა უთხრა, შეტყობინება 22:18 წუთზე მიიღეს. “ე. მ.-ს აღენიშნებოდა ჰიპერტონული კრიზისი და ჭრილობა ჰქონდა შუბლის არეში. ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ჩვენმა ბრიგადამ იგი ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს მისაღებში გადაიყვანა”, _ გვითხრეს აღნიშნულ სამსახურში.
ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს მორიგე ქირურგის თქმით კი “ღამის საათებში შეყვანილი იქნა პაციენტი პირველადი ტრავმით _ ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა მარცხენა წარბის არეში. დამუშავდა ჭრილობა, დაედო ნაკერები, გაუკეთდა შრატი და გადაყვანილი იქნა ბინაზე”.
“პაციენტი ახლა მოვიდა ჭრილობის დასამუშავებლად. ამბობს, რომ არაფერი ახსოვს და არ იცის, რა მოხდა”, _ გვითხრა მორიგე ქირურგმა სატელეფონო საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის უფროსის მაია გიორგაძის თქმით, მომხდარის შესახებ მას პირველად ჩვენგან ესმის: “მართალია ეგ ამბავი? (?!) პირველად მესმის, არაფერი ვიცი”, _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას გიორგაძემ.
როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, მოქალაქემ ავტომანქანების წრიული მოძრაობის ადგილი იქ გადაკვეთა, სადაც ქვეითად მოსიარულე წესით არ უნდა მდგარიყო. აქვე დასძინეს, რომ პოლიციელს ის არ მიუტოვებია და პატრულის თანამშრომლების მისვლას დაელოდა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია აღიძრა, ან აღიძრება თუ არა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე.