მასვე ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის თვეში, მომღერალ სოსო პავლიაშვილის სიძემ ვახტანგ ჩხაპელიამ 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, გელა უბილავას შეუკვეთა ანტონ ადუაშვილის მკვლელობა. ამ უკანასკნელის ორგანიზებით, ვლადიმერ ქარჩავამ და კობა ყურუამ ჯგუფურად განახორციელეს შეკვეთილი მკვლელობა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვახტანგ ჩხაპელია, გელა უბილავა და კობა ყურუა ანტონ ადუაშვილის განზრახ მკვლელობისათვის დამნაშავედ სცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღო _ ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ბრალდებულმა ვლადიმერ ქარჩავამ კი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ვლადიმერ ქარჩავა დამნაშავედ სცნო ანტონ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხოლო, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის წარდგენილ ბრალდებაში ვლადიმერ ქარჩავა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.