ამ ფაქტს სამინისტროს შესაბამისი ტექნიკური კომისია ადგენს, თუმცა, კომისიის საბოლოო დასკვნამდე სკოლაში პირველი ზარი მაინც დაირეკა.
“იმ “ღონისძიებას”, რაც დღეს 103-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, რთულია “პირველი ზარი” ვუწოდოთ. სხვა სკოლებისგან განსხვავებით, აქ ყველაზე ნაკლებად იგრძნობოდა “პირველი ზარის” ატმოსფერო. სკოლის ეზოში შეკრებილი, ქაოსურად განლაგებული ბავშვები და მათი მშობლები სავარაუდოდ სკოლის დირექციისგან მისასალმებელ სიტყვას მაინც ელოდებოდნენ. მაგრამ ამაოდ… სკოლის შემოსასვლელ კარებთან 09:00-ზე დირექტორი გამოჩნდა. 2-3 წუთის განმავლობაში რაღაც განკარგულებებს აძლევდა მის ირგვლივ შეკრებილ მასწავლებლებს. ეზოში შეკრებილი ხალხის გუგუნის ფონზე ზარი დაირეკა. მოსწავლეებმა სკოლის შენობაში შესვლა დაიწყეს,” _ ეს არის განცხადების ნაწილი, რომელსაც საქართველოს სომეხთა სათვისტომო ავრცელებს.
აღნიშნულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირველკლასელებისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახი “კარცერს” ჰგავს.
“8 კვადრატული მეტრის ფართობის ვიწრო ოთახი, მშობლების კომენტარებით – “კარცერი”. ოთახი იმდენად პატარაა, რომ დაფის ჩამოკიდებაც კი არ არის შესაძლებელი. დაფა ოთახის ერთადერთ ფანჯარას არის მიყრდნობილი და მას თითქმის ბოლომდე ფარავს. პირველი კლასის დამრიგებელ ლუიზა მურადიანის სიტყვებით, პირველკლასელები ერთი თვის შემდეგ სხვა, უფრო გამოსადეგ კლასში გადავლენ. ამავე დროს კლასის დამრიგებელმა დაჟინებით გვთხოვა, არ გაგვეხმაურებინა ის, თუ რა პირობებში უწევთ პირველკლასელებს სწავლა. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გახმაურება ხელს არ შეუწყობს სომხურენოვანი განათლების პოპულარიზაციას,” _ აცხადებენ სომეხთა სათვისტომოში..
სომხურ სკოლას კიდევ ერთი პრობლემა აქვს _ ბილინგვალური სახელმძღვანელოები.
“მშობლები ამბობენ, რომ სომხურ ენას არ ფლობენ და ამ სახელმძღვანელოებით ბავშვებს ვერ დაეხმარებიან. ვაპირებთ სამინისტროს მივმართოთ, რომ სახელმძღვანელოები შეგვიცვალონ ქართულენოვანებზე,” – ამბობს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ჰასმიკ პაპიკიანი.
“ბავშვებს ქართულად კითხვის პრობლემა არ აქვთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით ვიმუშაოთ და არა ბილინგვალურით,” – ამბობს “მიუთიუნთან” საუბარში მე-3 სომხურენოვანი კლასის დამრიგებელი დალი მახარაძე, რომელიც სომხურ ენას არ ფლობს.
“მშობლებთან საუბრის შემდეგ, არც ერთმა დაგვიდასტურა, რომ რაიმე უკმაყოფილება ჰქონდა სახელმძღვანელოების მიმართ, მით უმეტეს, არავის უთქვამს, რომ ქართულენოვანი სახელმძღვანელოები ურჩევნიათ,” _ ამბობენ სომეხთა სათვისტომოში.