_ ეს ის ვერსიაა, რის გამოც, მეზობლების ვარაუდით, ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის მოკლეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, 45 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ა. ღ. 14 სექტემბერს, დილით, მეზობლებმა, ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს, მისი საცხოვრებელი სახლი კი დამწვარი ნახეს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ” გურია ნიუსთან” ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს გულის არეში ჭრილობა ჰქონდა და ის განზრახ მოკლეს. ა. ღ. სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ვლადიმერ ჭულაყიძე: _ მე ვნახე პირველად მისი ცხედარი. ჩემმა მეუღლემ ცეცხლი დაინახა, გამოვიქეცი, რამეს მივეშველები,-მეთქი, გავაღვიძე მეზობლები. ამასობაში დავინახეთ მეზობლის ჭიშკართან პირჩაღმა ჩაბრუნებული ეგდო _ უკვე გაყინული იყო. პოლიცია გამომძიებლები სრულყოფილ პასუხს არ გვეუბნებიან, ვიცით ექსპერტიზის პასუხი, რომ გულის არეში აქვს ჭრილობა ჰქონდა. ეს ჭრილობა რითი იყო მიყენებული, ამას არავინ არ გვეუბნება.
გარდაცვლილი რამდენჯერ მთვრალი მისულა სახლში და ასეთი არ დამმართნია. წიგნებს კითხულობდა, უსახლკარო, უპატრონო კაცი, არავის არ ავნებდა, ორი დღე არ დაულევია ალკოჰოლური სასმელი, იმ დღეს და ღამეს სრულიად ფხიზელი იყო და ეს გვაკვირვებს ზუსტად. კაცი ძაღლივით იყო მკვდარი. ასეთი ვერსიაა სოფელში, რომ ის, სავარაუდოდ, შეესწრო ისეთ ფაქტს, რისი გახმაურებაც არ შეიძლებოდა, რასაც არ დამალავდა და იტყოდა. თუმცა, რა ფაქტი იყო, ჯერ არ ვიცით.
გურამ ჯინჭარაძე, გარდაცვლილის მეზობელი: _ ჩვენ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ საშკას ვინმე მოკლავდა. მთელი სოფელი გაოგნებულები და შოკში ვართ. ეს მკვლელობა რომ არ გამოიძიონ, მთელი უბანი პოლიციაში ფეხით ჩავალთ. ჯერ ვაცლით, იქნებ რაიმე დაადგინონ. უპატრონო რომაა საწყალი, შეიძლება ისე დახურონ საქმე, არც კი გამოიძიონ.
პირველად ვერ ვიფიქრეთ, თუ მოკლული იყო _ გვეგონა, რომ სახლს ცეცხლი წაეკიდა, მან გარეთ ძლივს გამოასწრო და ბოლმა გაგუდა, მაგრამ როცა პოლიციელები გვკითხავდნენ, დაურეკეს ბათუმის ექსპერტიზიდან, რომ დავადგინეთ, მოკლულია და გულის არეში აქვს მიყენებული ჭრილობაო. ჩვენც როცა მისი ცხედარი გავაპატიოსნეთ, ვნახეთ, რომ გულის არეში ჭრილობა ჰქონდა, თუმცა, პოლიცია ამბობდა, რომ ჭიშკარზე ჩამოეცვაო. ექსპერტიზის დასკვნა ერთ თვეში იქნება. თუ ჩვენს სოფელში არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ის შეეძლო მოეკლა, მას ჩვენ, სოფელი გავუსწორდებით.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოექცა მკვლელს, მორბოდა ჩემს ჭიშკრისკენ, ეტყობა, დაძახება უნდოდა, მიშველეთო, მაგრამ ვერ მოასწრო. სისხლის წვეთები იყო მისი სახლიდან ჩემს ეზომდე.
_ პატარა ქოხში ცხოვრობდა საწყალი, გაუსაძლისს პირობებში. ქოხსაც ვერ უწოდებდი იმას, რაშიც ის ღამეს ათევდა. ღამის 12 საათზე წავიდა სახლში. ისეთი პიროვნება იყო, ყველას პატივს სცემდა, მეზობლებზე გადაყოლილი იყო, ეხმარებოდა. არანაირი ქონება არ ჰქონდა. ამდენი წელია ითხოვდა დახმარებას და ხელისუფლებამ არ გაუკეთა არაფერი. ვინ აქცევდა ყურადღებას? მაგას რომ დახმარება ჰქონოდა ხელისუფლებისგან, ასე გაჭირვებული უპატრონოდ, არ მოკვდებოდა. 30 ლარს იღებდა დახმარებას და ისიც მოუხსნეს _ არ დახვდა აგენტს სახლში და ამის გამო. თავს ირჩენდა ქირაზე მუშაობით, საჭმელს მეზობლები ვაჭმევდით. ჩვენც რამდენჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დახმარებოდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, _ ამბობენ მეზობლები.
ჩვენ დავუკავშირდით შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გოჩა ფერსაშვილს, რომელმაც პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
შსს პრესსამსახური ამ ფაქტთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გურიის სამხარეო სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სანამ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა არ იქნება, მანამდე სხვა კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ.
ახალგაზრდა მამაკაცი სოფელმა უკვე დაასაფლავა.
გურამ ჯინჭარაძე იმ ადგილს გვიჩვენებს, სადაც გარდაცვლილი იპოვეს