(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს ურეკის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად (უფროსად) ლაშა ქირია ამ დღეებში დაინიშნება. იგი ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს სუფსის განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსის გიგა ჯაფარიძის კადრად მოიაზრება. ამ ეტაპზე ქირია თბილისში ერთთვიან კურსებზე იმყოფება. ქირიას თანაშემწედ გელა მუჯირი დაუნიშნეს, ურეკის განყოფილების პოლიციის ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი გია ტუღუში კი გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწედ გადაიყვანეს., ხოლო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ ცხომელიძე სამსახურიდან დაითხოვეს.
ინფორმაციის დასადასტურებლად, “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის უფროსს, მაია გიორგაძეს დაუკავშირდა, მან კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-შეფთან, ზურაბ გვენეტაძესთან გადაგვამისამართა, გვენეტაძემ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა.