“2009 წლის 5 მაისის მუხროვანის ამბოხი იყო საქართველოს არმიის მუხროვანში ბაზირებული (თბილისიდან 30 კმ) სატანკო ბატალიონის ამბოხი. დაუზუსტებელი ცნობებით, ამბოხში, სულ მცირე, 500 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. იმავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამბოხებულები ჩაბარდნენ. მეამბოხეთა ზოგიერთ ლიდერი, მათ შორის ბატალიონის მეთაური, დააპატიმრეს, სხვებმა გაქცევა მოახერხეს. ამბოხის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ გახსნილი იყო ქვეყნის დესტაბილიზაციისა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გეგმა”, _ ასე განმარტავს ქართული ვიკიპედია ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს, რომლის ირგვლივ დღემდე არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი.
მუხროვანის საქმის მთავარი გმირი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი დასაყრდენი, ამბოხის ერთ-ერთი მონაწილე გია ღვალაძეა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ღვალაძის დაკავებამდე, 4 მაისის ღამემდე, მუხროვანის ამბოხების ზუსტი გეგმა არ იცოდნენ. ღვალაძემ ამ გეგმის დეტალები პოლიციას დაკავებისთანავე გააცნო. სამართალდამცავებმა ამბოხის ჩახშობა სწორედ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაიწყეს.
მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ საქმეზე მუშაობა კონსტიტუციური უსაფრთხოების, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტებმა და კონტრდაზვერვამ 4 თვით ადრე დაიწყეს _ გამოძიების მასალების მიხედვით, კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის, ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელბახიანის, კრიმინალური ავტორიტეტის ბონდო შალიკიანის და უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენის ილია რამიშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში ამბოხების ორგანიზება უკრაინაში საქართველოს ყოფილ სამხედრო ატაშეს გია კრიალაშვილს დაევალა. ეს შეხვედრა 3 იანვარს, ქალაქ მინსკში შედგა. ოპოზიციის მიერ გაზაფხულისთვის დაგეგმილ აქციებს სამხედრო ძალებიც დაემატებოდნენ, რათა ხელისუფლება მაქსიმალურად მალე შეეცვალათ. შსს-ს ცნობით, ამ ოპერაციას ალექსანდრე ებრალიძე აფინანსებდა.
საქმის სასამართლო პროცესი გასული წლის იანვარში დასრულდა.
განხილვების დროს, 41 ბრალდებულიდან 21-მა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და დანაშაული ნაწილობრივ ან მთლიანად აღიარა. სხვადასხვა მუხლით თავისუფლების აღკვეთა 19 მსჯავრდებულს მიუსაჯეს. თუმცა, დარჩა ბევრი უპასუხო კითხვა. მით უმეტეს, რომ შეხვედრის მონაწილეთაგან ოთხი, დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და დიდი ხანია იძებნება, გია კრიალაშვილი კი, ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი დაკავებისას, სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
5 მაისს ყველა საინფორმაციო საშუალება ამ თემაზე საუბრობდა. ითქვა, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში ამბოხებაა და რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა; ბაზას სპეცდანიშნულების რაზმებმა ალყა შემოარტყეს და შტურმისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს. მალევე, ოფიციოზმა გააკეთა განცხადება, რომ ამბოხებაში, მოქმედი სამხედრო პირების გარდა, ყოფილი სამხედროები და სამოქალაქო პირებიც მონაწილეობდნენ.
იმავე დღეს გავრცელდა ამბოხების მიზნის ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც, დაგეგმილი იყო სახელმწიფო გადატრიალება და 6 მაისს საქართველოში ჩასატარებელი ნატო-ს სამხედრო წვრთნების ჩაშლა: _ ბოლო კვირეების განმავლობაში, რუსეთმა გაასამმაგა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ძალის რაოდენობა და, პრაქტიკულად, მთელი შავი ზღვის ფლოტი საქართველოს აკვატორიაში განალაგა. გათვლა იყო, რომ თბილისის შუაგულში მოხდებოდა მასობრივი არეულობები, ან რაიმე სახის ძალადობა გახორციელდებოდა და განვითარდებოდა სცენარები საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ, _ ამბოხში რუსული კვალის შესახებ განცხადება უმალ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა.
როცა საქართველოს პრეზიდენტი ტელევიზიით ამ განცხადებას აკეთებდა და მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმელებით იყო სავსე, ოთანაძე, კრიალაშვილი და ამირიძე მიიმალნენ, გორგიაშვილი კი იმ დღესვე დააკავეს.
მუხროვანის სამხედრო ბაზიდან დამნაშავეების შესაძლო გაქცევა, მომხდარიდან მეორე დღესვე, “გურია ნიუსთან” საუბრისას ეჭვქვეშ დააყენა სამხედრო ექსპერტმა, ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, ბაზის ადგილმდებარეობა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სპეცრაზმელებს არავინ გაჰპარვოდათ.
ამ საქმეში მართლაც ბევრი კითხვის ნიშანია. ალბათ, გახსოვთ როგორ ტუქსავდა ამბოხის დღეს პირდაპირ ეთერში პრეზიდენტი სააკაშვილი ჯარისკაცებს და ლანძღავდა ეროვნული გვარდიის ყოფილ მეთაურს, კობა კობალაძეს, რომელსაც ხალხის მტერიც კი უწოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, კობალაძე ამ განცხადების გაკეთებისთანავე დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. კობალაძეს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის უკანონო შენახვისთვის 8 თვით და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მუხროვანის გამოძიების საქმეში არ ფიგურირებს რუსეთის არც ერთი მოქალაქე. მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებებისა, რომ ამბოხის მმართველი რგოლი რუსეთში იყო _ ამის დადასტურება ვერ მოხერხდა.
ჩვენი რესპონდენტი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანია. მართალია ამბოხის დროს მუხროვანის ბაზაზე არ ყოფილა, თუმცა, დაკითხვებზე ისიც დადიოდა და ამბოხების შემდეგ დაატოვებინეს საჯარისო ნაწილები.
_ მე და ბევრი ჩემი ტოლი კოლეგა ე.წ. “მუხრანის ამბოხის” ჩახშობისთანავე კადრების განკარგულებაში გადაგვიყვანეს, ოფიციალურ მიზეზად ასაკი დაგვისახელეს _ 50 წლის სამხედრო ჩინოსანი არ არის საჭიროო. თუმცა, კადრებში გადაყვანილებს შორის ბევრი იყვნენ ისეთები, რომლებსაც 50 წლამდე რამდენიმე წელი უკლდათ. კარგა ხანს გვატყუეს, ბოლოს კი გვირჩიეს, რომ ხმა არ ამოგვეღო, _ გვითხრა რესპონდენტმა, რომელსაც პირობითად ლევანს დავარქმევთ.
_ არაფრის არ მეშინია, არც რაიმე მაქვს დასამალი. უბრალოდ, არ მინდა ჩემს ოჯახს რაიმე დაემუქროს. მოვა დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება. მანამდე კი მირჩევნია, კადრს მიღმა დავრჩე, _ ვინაობის არ გამხელის მიზეზი აგვიხსნა რესპონდენტმა.
ლევანს 34 წლის მუშაობის სტაჟი აქვს _ აფხაზეთი, ცხინვალი, აგვისტოს ომი…
_ აფხაზეთის ომში მეგობრებთან ერთად ვიბრძოდი. მთელი ბატალიონიდან 4 კაცი დავბრუნდით ცოცხალი. მაშინ დავიფიცე, რომ სანამ აფხაზეთს არ დავიბრუნებდი, ფორმას არ გავიხდიდი. არც გამიხდია. მართალია, ამ მთავრობამ ჩემი სამსახური არ მოინდომა, მაგრამ ჩემ სულში მეომარი არასოდეს მოკვდება. ქურთუკის შიგნით ყოველთვის ჯარისკაცის მაისური მაცვია და მჯერა, რომ მას აფხაზეთში გავიხდი. ოღონდ ვიცი, რომ ეს ამ მთავრობის ხელში არ იქნება.
მედალი მხედრული მამაცობისთვის, ჯილდო სამშობლოსადმი თავდადებისთვის, ვახტანგ გორგასლის ღირსების მედალი, უამრავი სიგელი და დიპლომი, მადლობების მთელი დასტა _ ეს ყველაფერი ახლა ლევანის მაგიდის უჯრაში ინახება აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებთან ერთად.
აგვისტოს ომში შვილთან ერთად იბრძოდა. ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ცუდად მოექცა: _ სახლში გამომიშვეს და 36-ლარიანი პენსია დამინიშნეს. ამას ემატება 22 ლარი _ ნაომრობის თანხა. ეს არის სულ, რაც ამ მთავრობამ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის გაიმეტა.
_ საუბრის დასაწყისში მითხარით, ჩემსგათავისუფლებასთან ასაკი არაფერ შუაშიაო…
_ ეს მთავრობა რომ მოდიოდა, ერთ-ერთ ბატალიონს ვხელმძღვანელობდი. გენერალმა დამირეკა და მკითხა, რას აპირებო. თუ იქნება ბრძანება, რომ ჯარისკაცებმა იარაღი აიღონ, ჯარს დავშლი,-მეთქი, ვუპასუხე. არ დავუშვებდი, ჩემს ბიჭებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღი გაესროლათ. ამ საუბრის დასრულებისთანავე მოვაწყვე ჯარი და ვუთხარი: _ თუკი იქნება სროლის და წინააღმდეგობის გაწევის ბრძანება, ყველა თქვენგანი სახლში წავა,-მეთქი. ამ მთავრობის მოსვლაში ჯარს დიდი დამსახურება აქვს, თუმცა, ესენი ამას არაფრად მიიჩნევენ. როგორც კი ახალი სარდლობა დაგვინიშნეს, ძველებს ამრეზით დაგვიწყეს ყურება. ჯერ უვიცები ვეგონეთ. რომ დარწმუნდნენ, რომ ჩვენ გარეშე ჯარს ვერ მართავდნენ, დაწყნარდნენ. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ომი რომ წავაგეთ, ამაში ახალბედა ხელმძღვანელების წვლილიც იყო. ძველებს ეს არც დაუმალავთ. ამას კი ვერ შეეგუვნენ და ჩათვალეს, რომ მოღალატეები ვიყავით. მოღალატედ კრიალაშვილიც გამოაცხადეს, არადა, უაღრესად პატიოსანი კაცი იყო.
მუხროვანის ამბოხის დროს, ბაზაზე, ერთი ჩემი მეგობარი იყო. ისიც ჩემთან ერთად გამოუშვეს სახლში. თავიდან ბრალის წაყენება სცადეს, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. მისგან ვიცი, რომ არანაირი ამბოხის მზადება არ ყოფილა. სანდო წყაროდან გავიგეთ, რომ კრიალაშვილს ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა ჩინოსანმა თანამდებობიდან წასვლა ამბოხამდე რამდენიმე თვით ადრე ურჩია, რადგან მისი ადგილი ნათესავისთვის ნდომებია. ამას ისიც დაემთხვა, რომ კრიალაშვილს ახლო მეგობრობა აკავშირებდა უკრაინაში მოღვაწე გავლენიან ქართველ ბიზნესმენთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნოდ დაფინანსებას სთხოვა. ამ საქმეში კრიალაშვილიც ჩართეს, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დაემთხვა. ამას პოლიტიკური პროცესებიც დაერთო და დაიგეგმა ამბოხის მცდელობა. როგორც ამბობენ, კრიალაშვილის ლიკვიდაცია თავიდანვე გადაწყდა. ვინც არის მუხროვანის ბაზაზე ნამყოფი, დამერწმუნება, რომ იქიდან კაცი კი არა, ჩიტი ვერ გაფრინდება შეუმჩნევლად. მთელი დღის განმავლობაში მთელი ბაზა ალყაში იყო. წარმოიდგინეთ, ათობით შეიარაღებულ პირს სამი კაცი გაეპარათ ბაზიდან, რაც წარმოუდგენელია. სხვა რომ არაფერი მომხდარიყო, მარტო ეს ფაქტი ტოვებდა ბევრ კითხვის ნიშანს. ე.წ. ამბოხი აფერა იყო, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ გარკვეული კატეგორიის ადამიანების მოსაცილებლად და პოლიტიკური ქულების დასაწერად დაგეგმა. არ გახმაურებულა, თუმცა, გამოძიების პროცესში ბაზის სხვა წევრებიც დაიკითხნენ. მათ შორის მეც. უნდოდათ, რომ სხვაგანაც ეპოვათ “სამშობლოს მოღალატეები” თუმცა, ამის დამტკიცება იმდენად რთული იყო, რომ სამოქმედო გეგმა შეცვალეს და “მოღალატეები” კადრებში გადაიყვანეს, ზოგიც კიდევ პირდაპირ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სახლში გაუშვეს.
ლევანის თქმით, სხვა საჯარისო ნაწილების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა დაკითხვები ღამით ხდებოდა, არავის რომ არ შეემჩნია: _ იყო შემთხვევები, როცა ნაწილებში ჰკითხავდნენ ჯარისკაცებს. ამ დაკითხვების შედეგად ბევრმა ინფორმაცია გაამჟღავნა, თუმცა, ყველა დაკითხული გააფრთხილეს, რომ ინფორმაციის გაჟონვისთანავე გისოსებს მიღმა ამოყოფდნენ თავს. ამიტომ, ამ საქმის ირგვლივ ბევრი რამ ბურუსითაა მოცული, მაგრამ, ვფიქრობ, მალე დადგება ყველაფრის თქმის დრო. თუმცა, ახლა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მუხროვანში ამბოხი არ მომხდარა. კარგად მახსოვს, გამომძიებელმა მითხრა _ არ ყოფილა არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება. ჩვენ რაც გვინდა, ის იქნება და ჯობია, დაწერო, რასაც გეტყვითო. ღმერთს მადლობა, რომ შევძელი სიმართლის ბოლომდე გატანა. ბევრმა ჯარისკაცმა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და ცრუ ჩვენებები მისცა. ბევრი მათგანი არც კი გამოქვეყნებულა. არავინ იცის, როდის გამოიტანს საზოგადოების სამსჯავროზე ამ ჩვენებებს ხელისუფლება. არ არის გამორიცხული, მალე ახალი ამბოხების მცდელობის შესახებ გავიგოთ _ წინ ხომ არჩევნებია?!
მუხროვანის ამბოხს შეეწირა ბადრი შუბლაძის კარიერაც. იგი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს: _ ბევრი ჩემი კოლეგა ამ თემაზე საუბარს გაურბის. ზოგიც ლაპარაკობს, მაგრამ ვინაობას მალავს. მე აღარაფერი მაქვს დასამალი _ ამ ხელისუფლებამ რაც შეეძლო, უკვე დამიშავა.
_ დაშავებაში რას გულისხმობთ?
_ ჩემი მეგობრების უმრავლესობა დღეს ციხეშია, ბევრიც _ მიწაში. ერთ-ერთი გია კრიალაშვილია. ადამიანი, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებამ მოკლა და იმათ, ვინც ეს ალალი, მართალი კაცი დაიტირა, სასტიკად გაუსწორდა.
_ რას გულისხმობთ?
_ არანაირი ამბოხი არ ყოფილა. გიამ ისეთი რამ იცოდა, რისი გახმაურებაც ამ ხელისუფლებას არ “აწყობდა”. იგი ნამდვილი ქართველი, მეომარი კაცი იყო და მისთვის პოლიტიკური გარიგებები უცხო იყო. ბოლო პერიოდში ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან. რაღაც იარაღის შემოტანასთან დაკავშირებით მოხდა კონფლიქტი. ამ თემაზე გია არ საუბრობდა, თუმცა, ყველამ ვიცოდით, რომ პრობლემები ჰქონდა. მახსოვს, “ამბოხამდე” რამდენიმე დღით ადრე, გენშტაბში დაიბარეს. აღელვებული დაბრუნდა. მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ამბავი ვიღაცისთვის ცუდად დამთავრდებოდა. რაღაცას კი ველოდებოდით, მაგრამ არა ასეთს _ საქართველოს მოღალატეებად გამოაცხადეს ის ადამიანები, რომლებმაც წლები შეალიეს სამშობლოს სამსახურს.
_ თქვენმა ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ “ამბოხი” ძველი კადრების მოსაშორებლად გამოიყენეს.
_ კი, ნამდვილად ასეა. სამსახურიდან გამოგვიშვეს და ზოგი 30, ზოგიც კი 50-ლარიანი პენსიის ამარა დატოვეს. ყოფილი პარლამენტარი 500-ლარიან პენსიას იღებს და ნაბრძოლ, ომგადახდილ ადამიანებს თეთრებს უხდიან!
_ ამბობთ, რომ ხელისუფლება თქვენზე შური იძია…
_ გიას სიკვდილი ძნელი შესაგუებელი იყო. გულწრფელად დავიტირე და არც იმის აღიარების შემშინებია, რომ მოკლეს. ჩემი გაკეთებული განცხადებები არ ესიამოვნათ და რაღაც შეთითხნილი ბრალდებით დამაკავეს. მერე სასამართლომ იმხელა თანხა დამაკისრა გადასახდელად, რომ კიდევ 100 წელი რომ ვიცხოვრო, ვერ ვიშოვი. მუხროვანის ამბოხით ხელისუფლებამ დიდი ფულიც იშოვა.
_ ფული?
_ მაშინ ბევრი ადამიანი დაითხოვეს ჯარიდან. არადა, ყველა ჯარისკაცს სესხი ჰქონდა გამოტანილი. ზოგს სახლი, ზოგს აგარაკი და კიდევ ვინ მოთვლის, რა არ ჰქონდათ გარანტიად ჩადებული. სამსახურიდან რომ გამოუშვეს, გადახდის საშუალება უმრავლესობას არ ჰქონდა და ყველაფერი დაკარგეს. საქმე მილიონებს ეხება და ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა. ვერც იმას დამაჯერებენ, რომ ამაში ხელისუფლებას წილი არ აუღია.
მუხროვანის “ამბოხი” _ მორიგი შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში
_ აგვისტოს ტრაგიკული ომიდან 9 თვეც არ იყო გასული, რომ ქართულ სახელმწიფოში მორიგი სამხედრო ბუნტი შედგა _ მუხროვანის სამხედრო ნაწილში დისლოცირებულმა სატანკო ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ერთი შეხედვით, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები თითქოსდა არ ქმნიდა იმის საფუძველს, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამხედრო მოსამსახურეების აჯანყება _ სამხედრო მოსამსახურეებს, 2004 წლიდან, მუდმივად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტროს ბოლო 5 წლის მანძილზე ჰქონდა არნახული ბიუჯეტი თავისი ისტორიის მანძილზე. შესაბამისად, ჯარი უზრუნველყოფილი იყო ყველა საჭირო საშუალებით და, წინა სამხედრო ამბოხებისგან განსხვავებით, პროტესტს სოციალური და ეკონომიური საფუძვლები უბრალოდ ვერ ექნებოდა. რაც შეეხება სამხედროების მენტალურ მდგომარეობას, აქაც შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვით ღია პროტესტი არ უნდა დაფიქსირებულიყო; სამხედრო მეთაურთა უმრავლესობას აქვს კარგი განათლება მიღებული, მათ შორის დასავლეთში, რაც, თავის მხრივ, ნაწილობრივ არის იმის გარანტია, რომ სამხედროებს კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს სამხედრო ამბოხი ქვეყნისთვის და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყო ის როგორც ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე უშუალოდ მათთვის, როგორც სამხედროებისთვის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, თითოეულ ჯარისკაცს არ დავიწყებია ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში უკვე შემდგარი ამბოხებები და მათი შედეგები, ასევე, განცდილი მარცხი რუსეთთან აგვისტოში და, ცხადია, ამ ყველაფრის ფონზე მორიგი არეულობა, თანაც ჯარში, არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი მათი მხრიდან. თუმცა, ფაქტია, რომ ამბოხი შედგა და ჩვენი ქვეყნის ისტორიას ის შავ ლაქად აუცილებლად დარჩება მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სიმართლე დგას ამ ამბოხის უკან.
ამბოხის წარმოქმნიდან პირველივე წუთებში და ამ ეტაპზეც, საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, რომელთა უმრავლესობა პასუხგაუცემელია, ზოგ შემთხვევაში კი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად დაფარულიც. როგორც სასამართლო პროცესიდან ირკვევა, სამხედრო მოსამსახურეთა უკმაყოფილებისა და გარკვეული პროტესტის შესახებ ხელისუფლებისთვის კარგად იყო ცნობილი და მოსალოდნელი პროტესტის გამოხატულების გათვლაც სირთულეს არ წარმოადგენდა; მეტიც, 5 მაისამდე, როდესაც ღიად გამოჩნდა დაუმორჩილებლობა მუხროვანში დისლოცირებული სატანკო ბატალიონის მხრიდან, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უკვე ცნობილი იყო მეამბოხეთა ვინაობა, ამბოხის სავარაუდო პლაცდარმი და კონკრეტული დეტალები, თუმცა, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ამ ამბოხების აღკვეთისთვის არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი.
შემდგომი პროცესი და მოვლენები ნაწილობრივ მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება აკონტროლებდა, როგორც უშუალოდ ამბოხების პროცესს, ასევე მის შესაძლო განვითარებას. სავარაუდოდ, ე.წ. მეამბოხეთა შორის იყვნენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც არა თუ ფლობდნენ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ, არამედ თავად მართავდნენ პროცესებსაც კი. ამ შემთხვევაში ჩნდება მთავარი კითხვა _ რატომ არ აღკვეთა ხელისუფლებამ დაუმორჩილებლობის ან ამბოხის ფაქტი მანამ, სანამ ის აქტიურ ფაზაში შევიდოდა და მნიშვნელოვნად შელახავდა ქართული არმიისა და სახელმწიფოს იმიჯს? ამ კითხვაზე პასუხი, პირველ რიგში, ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ კრიზისსა და საგარეო ფაქტორებს უკავშირდება _ 2009 წლის აპრილში დაწყებული პოლიტიკური საპროტესტო აქციები აქტიურ ფაზაში იყო შესული და ამ ძალების ამბოხებასთან დაკავშირება, რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნებოდა ხელისუფლების არგუმენტების გასამყარებლად, მწარე ისტორიულ ფაქტებთან პარალელების გავლით. აქვე, ასევე მომგებიანი იყო მათი რუსეთთან დაკავშირება და ეს თემაც ამბოხების დაწყებიდან პირველივე წუთებში ფართოდ იქნა გამოყენებული ქვეყნის პირველი პირების მიერ, როდესაც გაჟღერდა ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამბოხებულთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, ნატოს წვრთნების ჩაშლა და რუსებთან ერთად დედაქალაქისკენ შეტევითი სამხედრო ოპერაციის წამოწყება. ამ ორი, საზოგადოებისთვის მიუღებელი მიზნის გაერთიანება და მათი კავშირი ოპოზიციური პოლიტიკურ ძალებთან და მოძრაობასთან, ცხადია, მნიშვნელოვან უარყოფით დამოკიდებულებებს აღძრავდა საზოგადოებაში, რაც ხელისუფლების ძალაუფლების განმტკიცების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა. ეს ასეც მოხდა კიდეც, თუმცა, მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთში, მანამ, სანამ ხელისუფლებამ ამ სცენარში ბევრი აშკარა შეცდომა არ დაუშვა, კერძოდ: ხელისუფლების მიერ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზები არ ემთხვეოდა რეალობას და ხელისუფლების ადეკვატურობას, ემოქმედა გამოწვევების შესაბამისად; ამბოხების გამოხატულება, ფორმები და მათი მოქმედება, ასევე ამბოხების აღმკვეთი ოპერაცია აშკარად არათავსებადი იყო პროცესთან და მიუთითებდა დადგმული სპექტაკლის ნიშნებზე; გაქცეულ მეამბოხებულთა დაკავების სპეცოპერაცია და საგამოძიებო მოქმედებები ხშირ შემთხვევებში იყო არაკანონიერი მეთოდებით გახორციელებული და აქაც შეინიშნებოდა პიარ-ტექნოლოგიების ნიშნები. თავად სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც, ერთი მხრივ, მიუთითებს თავის დროზე ქვეყნის პირველი პირების მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებთან არათავსებადობას, მეორე მხრივ კი, ზოგიერთი დაკავებულის აშკარა უდანაშაულობას… ასეთ ფონზე ხელისუფლება აღმოჩნდა რთული დილემის წინაშე _ დაიცვას აქამდე გაკეთებული პოლიტიკური შეფასებების პრინციპულობა, რაც აშკარად არათავსებადი იქნება ობიექტურ რეალობასთან, თუ აღიაროს დაშვებული შეცდომები, რომელიც თავის მხრივ პოლიტიკური მარცხის ელემენტებს შეიცავს. თუმცა, ამ ამბოხებისა თუ სცენარის ავტორებს დაავიწყდათ ის მთავარი ღირებულება, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ჩვენი ჯარის ღირსება და ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე კვლავაც გრძელდება ბრძოლა ძალაუფლებისთვის, _ აღნიშნულია სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის კვლევაში.