(გურია ნიუსი) _ გასულ კვირას, საინფორმაციო სააგენტო “პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა თბილისის “შემოვლითი რკინიგზის” პროექტისთვის რელსების შემოტანის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი, პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის მეუღლე სოსო ჩხაიძე და მისი პარტნიორი ვასილ ჩიგოგიძე დააკავეს.
_ დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც წყარო იტყობინება, მათი დაკავების ერთ-ერთ ვერსიად “შემოვლითი რკინიგზის” პროექტში ქალაქის მერის გიგი უგულავას და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინტერესების დაპირისპირება სახელდება. თუმცა, როგორც “პირველს” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, “ამ სახელებისა და გვარების მქონე პირთა არც ერთი საქმე სასამართლოში არ შესულა”, _ აღნიშნულია “პირველის” ინფორმაციაში.
საქართველოს ახალი შემოვლითი რკინიგზის პროექტს ტენდერში გამარჯვებული ქართულ-ჩინური კონსორციუმის წარმომადგენელი საქართველოში, სააქციო საზოგადოება “ხიდმშენი” ახორციელებს. პროექტი 2013 წელს უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 170 მილიონი ევროა. აქედან 100 მილიონი ევრო “საქართველოს რკინიგზას” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა სესხის სახით გამოუყო, ხოლო 70 მილიონ ევროს თავად შპს “საქართველოს რკინიგზა” გაიღებს.
_ ჩიგოგიძის და ჩხაიძის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას “პირველი” “შემოვლითი რკინიგზის” პროექტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაშიც შეეცადა, თუმცა, როგორც ს/ს “ხიდმშენში” განაცხადეს, რელსების შეძენისთვის ტენდერის გამოცხადება მათ კომპეტენციაში არ შედის და ეს უფრო “საქართველოს რკინიგზის” ან პროექტში მონაწილე ჩინური კომპანიის პრეროგატივაა. თავის მხრივ, “საქართველოს რკინიგზამ” ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიაში გადაგვამისამართა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენელმა (ვინმე “მისტერ ჯუმ”) სრული სახელის გამხელაც კი არ ისურვა და სატელეფონო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა: “ტელეფონით ვერ გაგესაუბრებით. პირადად მობრძანდით. თუმცა, ჯერ საქართველოში ჩინეთის საელჩოში გაარკვიეთ, შემოგიშვებენ თუ არა, _ განუცხადა “პირველს” ბატონმა ჯუმ”, _ ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ახლა დაკავებული არ არის. ყოფილმა დეპუტატმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა, თუმცა, მისმა მეგობრებმა ჩიგოგიძის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. არ ადასტურებენ ინფორმაციას მარიკა ვერულაშვილის ქმრის, სოსო ჩხაიძის დაკავების შესახებაც _ პრეზიდენტის ფავორიტი პარლამენტარის გარემოცვა ჩვენთან პირად საუბრებში “პირველის” ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
ჩვენ ვეცადეთ ლანჩხუთელ სახელისუფლებო წყაროებთანაც გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი დეტალების გაგება ვერ შევძელით _ მათ დაკავების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს, თუმცა, არ გამორიცხეს, რომ, შესაძლებელია, ხელისუფლების ერთ შტოს რაიმე პრობლემა შეექმნას. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სოსო ჩხაიძე, მარიკა ვერულაშვილის გავლენიანი სახელისუფლო კავშირების შედეგად, გურიის პოლიტიკაში ანგარიშგასაწევი ფიგურა გახდა _ სწორედ მის გუნდში მოიაზრებენ რევაზ ჩიტიძეს. თუ ჩვენი წყაროს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ლანჩხუთში ამ გუნდის გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ისედაც საკმაოდ გავლენიანი ნიკოლაიშვილი-გოგუაძის გუნდი.
რაც შეეხებათ უშუალოდ ბიზნესმენებს, მათზე ის არის ცნობილი, რომ ისინი ქველმოქმედებით გამოირჩევიან, აქტიურად მონაწილეობენ ეკლესიის მშენებლობის ფინანსურ მხარდაჭერაში, ხოლო ის ფაქტი, რომ მათ საკმაოდ სერიოზული ტენდერი მოიგეს, ადასტურებს, რომ ბიზნესმენები სახელისუფლო მხარდაჭერით სარგებლობენ.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სააგენტოების მიერ, ვასილ ჩიგოგიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. წყაროს ინფორმაციით, მაშინ ჩიგოგიძე სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ გამოუშვეს. თუმცა, როგორც ახლა, ეს ინფორმაცია ჩიგოგიძის საახლობლომ მაშინაც უარყო.