თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანზე იძალადა და გააუპატიურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო არასრულწლოვნის გაუპატიურების (სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი) ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.