ინციდენტი ჩოხატაურში 27 ოქტომბერს მოხდა. ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის 26-ე (ზემოფარცხმის) საარჩევნო უბანზე ორი ქალბატონი რამდენიმე ხნის განმავლობაში ამომრჩეველთა ვინაობას იწერდნენ. დამკვირვებლების შენიშვნის შემდეგ ქალბატონები, რომლებსაც ვინაობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდათ გარეთ გამოუშვეს. თუმცა, ქალბატონებმა ჩანაწერების გაკეთება საუბნო საარჩევნო კომისიის წინ, ავტომანქანაში განაგრძეს. მათ თან დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები და კალენდარი ჰქონდათ. “გურია ნიუსი” ამ ადამიანების სტატუსის დადგენას ცდილობდა, როცა იქ კოალიციის წარმომადგენელი მივიდა, საუბარში ჩაერთო და ცდილობდა, ქალბატონებისთვის “გურია ნიუსის” მიერ დასმული კითხვის პასუხები ეკარნახა. მოგვიანებით კი ეცადა, რომ ჟურნალისტისთვის ინეტრვიუს ჩაწერაში ხელი შეეშალა.
_ არ დაგასმევინებთ შეკითხვას, ჩემი უფლებამოსილებაც არის, რომ ჩაგეკითხოთ, _ ასეთი იყო “ოცნების” წარმომადგენლის კომენტარი ჟურნალისტის თხოვნაზე, რომ მუშაობა ეცლია.
“გურია ნიუსმა” ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა, ვებგვერდზე იმავე დღეს გამოაქვეყნა. ჩოხატაურის პოლიციის სამმართველომ კი ფაქტზე მოკვლევა 28 ოქტომბერს დაიწყო.
იხილით ვიდეო “ქართული ოცნების” წარმომადგენელი : “არ დაგასმევინებთ შეკითხვას”