ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ “ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებით დაინტერესებულია. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი კონფლიქტური რეგიონების ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის კანონიერ უფლებებს არაფრად აგდებს. გასულ თვეებში განხორციელებული საზღვრის გადმოწევა, მავთულხლართების გავლება თუ ოჯახების დაშინება – ეს ნამდვილად ძველი, „ცივი ომის“ დროინდელ მიდგომას ჰგავს. ჩვენ გვსურს ეს დამთავრდეს. სწორედ ამიტომ, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა გვმართებს, რაც ვფიქობთ, რომ შედეგიანი იქნება”.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მოგვარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა: “კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა რამდენიმე დღის წინ ჟენევაში. ჟენევაში საუბარი გვქონდა არა მხოლოდ აფხაზურ და ოსურ, არამედ რუსულ მხარეებთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების საკითხებში სპეციალური დესპანი – გამოცდილი დიპლომატი და ელჩი დანიშნა. ასე რომ, ჩვენი მთავარი მიზანია რუსეთს თავდასხმის არანაირი წინაპირობა არ მივცეთ, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენი ინსტიტუტები განვავითაროთ და ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის მოვემზადოთ და როცა ეს ისტორიული შესაძლებლობა მიეცემა საქართველოს, ჩვენ ევროპული საზოგადოების წევრები გავხდებით”.
კონფლიქტების მოგვარებისათვის მინისტრი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს: “საქართველოს ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა გვქონდეს. კარგად გვესმის, რომ რუსეთი არ შეიცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ან ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის მიმართ. ჩვენს ინტერესშია რუსეთთან ღია სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების დაწყება, რაც პოლარიზების შემცირებას შეუწყობს ხელს. და როცა ეს მოხდება, ქართულ მხარეს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა მიეცემა, რათა ავუხსნათ მათ, რომ ჩვენთან ერთად ევროპაში ყოფნა ბევრად უფრო უკეთესი იქნება მათთვის, ვიდრე ოკუპაციის ქვეშ დარჩენა”.