გაცილებით დიდი თოვლია მაღალმთიან სოფლებში. წუხელს შემდეგ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. “ენერგო პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის სერვისცენტრის უფროსის, ვანო ჭარბაძის თქმით, სარემონტო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს:
_ წუხელ, თოვასთან ერთად ქარიც იყო, რამაც მნიშნელოვანი დაზიანება გამოიწვია. ჩვენი ჯგუფები ამ წუთებშიც მუშაობენ და ვვარაუდობთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ჩოხატაურს დღის ბოლომდე აღუდგება, _ გვითხრა ჭარბაძემ.
დიდთოვლობის გამო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაც შეზღუდულია. ამ დრომდე გაუწმენდავია დაბა ჩოხატაურის ცენტრალური გზები. იგივე მდგომარეობაა სოფლებშიც, სადაც დიდთოვლობის გამო ტრანსპორტი ვერ მოძრაობს.
_ 5-ის ნახევარი იყო ამ დილით სახლში რომ მივედი. სერიოზული პრობლემები გვაქვს. გზის გაწმენდას ვერ ვასწრებდით ინტენსიური თოვის გამო. სოფელ ბჟოლიეთში მთა ჩამოწვა, ბურნათში ხე წაიქცა და ცენტრალურ გზაზე, მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. რამდენიმე სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებია დაწყვეტილი. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არ გვყავს საკმარისი ტექნიკა. მთავრობის განკარგულება ჩამოსულია და რამდენიმე დღეში ვიყიდით გრეიდერს. მანამდე კი ადგილობრივი ძალებით ვეცდებით გავუმკლავდეთ შექმნილ სიტუაციას. სოფლებში საწვავს გავაგზავნით და მოსახლეობის ტექნიკას დავიხმართ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ჯინჭარაძემ.