ოზურგეთი- თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ზესტაფონში ავარია შეემთხვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 17 ივლისს, ღამის საათებში მოხდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის დროს მგზავრებმა, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.
წყაროს ინფორმაციით, ავტომანქანას პოლიციის მაღალჩინოსანი მართავდა და იგი დაკავებულია, ხოლო მიკროავტობუსის მძღოლი მკურნალობის კურსს ამ დროისთვის ჩოხატაურში, საკუთარ სახლში გადის.
დაშავებულ მგზავრთაგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ოზურგეთელი იური ჩიხლაძეა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში გადაიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია 18 ივლისს ჩაუტარდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზეც მძიმეა _ იგი სასუნთქ აპარატზეა მიერთებული და ექიმები, მისი გადარჩენის შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ ტრამვირებული ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვება.
როგორც მიკროავტობუსის მძღოლი იხსენებს, საპირისპიროდ მოძრავი მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა: “ავარიული სიტუაციის შექმნის დროს, სავალი გზიდან გადავედი, ლამის ბორდიურზე ავედი, თუმცა, საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა მაინც დაგვეჯახა. დაზიანებები მიიღო ჩემს მიკროავტობუსში მსხდომმა ყველა მგზავრმა. ადგილზე მოვიდა საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. რამდენიმე დაშავებულს ადგილზე გაეწია დახმარება, თუმცა, ყველა მგზავრი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე და ჩემი ორი შვილი სახლში გავდივართ მკურნალობას. ბავშვებს მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებათ, მე კი ფეხი მაქვს მოტეხილი. ვიცი, რომ ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ვინ დაგვეჯახა, არ ვიცი. ასე მითხრეს, რომ პოლიციელის მანქანა იყო. ჩვენება პროკურორს მივეცი. ჩემი მიკროავტობუსი ჩამოწერილია. დროულად არ გადავსულიყავი სავალი ნაწილიდან, ყველა დავიღუპებოდით. უფალმა გადაგვარჩინა!”, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში მიკროავტობუსის მძღოლმა ანატოლი შათირიშვილმა.