17 ივლისს, საღამოს საათებში, ოზურგეთისკენ მომავალ მიკროავტობუსს საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანა შეეჯახა, რომელსაც, წყაროს ინფორმაციით, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსანი მართავდა. ავარიის შედეგად ყველა მგზავრმა სხეულის დაზიანება მიიღო, თუმცა, მათგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ქართულ-ხალხურ საკრავთა ინსტრუმენტალური ანსამბლის “ედელვაისის” ხელმძღვანელი, იური ჩიხლაძე იყო. ჩიხლაძე იმავე დღეს მოათავსეს ქუთაისის სამედიცინო ცენტრში. ექიმები მისი გადარჩენის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ იძლეოდნენ, რადგან ავარიის შედეგად ჩიხლაძეს, კისრის მალის და ხერხემლის მოტეხილობები ჰქონდა. მედიკოსთა განმარტებით, პაციენტს კრიზისული 25 დღე უნდა გადაეტანა. სამწუხაროდ, 26 ივლისს, ავარიიდან მეცხრე დღეს, იური ჩიხლაძე ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
იური ჩიხლაძე ღირსების ორდენით ქართული ფოლკლორის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის იყო დაჯილდოებული.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს იური ჩიხლაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.