უბედურ შემთხვევას 35 წლის ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა _ შემთხვევა 27 ივლისს, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მოხდა. კურორტ ბახმაროდან მომავალ მიკროავტობუსში მჯდომი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები ქალბატონი მიკროავტობუსიდან მას შემდეგ გადმოხტა, რაც ავარიული მდგომარეობა შეიქმნა.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის რწმუნებულის თანაშემწემ ტარიელ ანთიძემ უთხრა, გარდაცვლილი მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ზოტიყელში გამართული დოღიდან სახლში ბრუნდებოდა.
ანთიძის თქმით, მიკროავტობუსს, სავარაუდოდ, მუხრუჭებმა უმტყუნა. მგზავრები შეშინებულან, კარების გაღება და გადმოხტომა უცდიათ. ყველაზე ადრე მანქანიდან გადმოსვლა სწორედ ამ ქალბატონმა სცადა. არსებული ინფორმაციით, მან თავის დარტყმის შედეგად, სასიკვდილო ტრამვა მიიღო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი გადაბრუნდა, მგზავრებმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს.
ასევე, დაშავებულია გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც მკურნალობის კურსს ჩოხატაურის საავადმყოფოში გადის.