ისინი კულტურის სამინისტროს მიერ 13 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც “RMG Gold”-ს საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოები შეაჩერებინეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება, სამი ათასამდე ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს.
აქციის მონაწილეებთან კულტურის მინისტრის მოადგილე, მარინა მიზანდარი ჩავიდა და 50 ადამიანის შერჩევა შესთავაზა, რომელთაგან შემდგარ ჯგუფთან დაიწყებოდა მოლაპარაკებები, მაგრამ აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს.
კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციას გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, სოსო მანჯავიძე.
– “დღეს თავი შეგნებულად შევიკავეთ და თქვენს სამარცხვინო საქციელს თვალი შორიდან მივადევნეთ. არ გეგონოთ, რომ ნაყოფიას, ქუთელიას, ცაბაძეს, ტროიცკის და ბენდუქიძის ინტერესებს გაგატარებინებთ და რუსი ოლიგარქების ფულის შოვნისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურვილს აგასრულებინებთ. გარწმუნებთ, თბილისში იმდენი ადამიანი მოიძებნება, რომ თქვენი სამარცხვინო აქციები სასაცილო გახადოს, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ნება. თქვენი საქციელი სამარცხვინოა, თქვენი არგუმენტები ცრუა და ზიანს მთელ საქართველოს აყენებს! თქვენ დემაგოგიას ეწევით “ნაციონალების” მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით. გარწმუნებთ, რომ თქვენი ორგანიზატორი პარტია მალე აიკრძალება, როგორც საერთაშორისო დანაშაულობებში მხილებული, ხოლო პარტიის ლიდერი და ბელადი ციხეში დაასრულებს თავის სამარცხვინო ცხოვრებას. ნუ ჩაჰყვებით მას საფლავში.ხანდახან მაინც გაიხსენეთ, რომ თქვენც ქართველები ხართ,” – ამ სიტყვებით მიმართა აქციის მონაწილეებს სოსო მანჯავიძემ სოციალური ქსელით.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს საკითხზე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კულტურის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, ეროვნული მუზეუმის, ეკონომიკის სამინისტროს და “ერემჯი გოლდის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს მთავრობამ საყდრისის ოქროს მაღაროზე გერმანიიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომლითაც გერმანელები საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობენ საერთაშორისო კომისიას, სავარაუდოდ, ხუთი უცხოელი სპეციალისტის შემადგენლობით.