როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან დღეს მიღებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2010 -2011 წლებში სახელმწიფო შესყიდვა დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე არ გახორციელებულა. შესაბამისად, არ გაფორმებულა არავითარი ხელშეკრულება. რაც შეეხება ქალაქის დასუფთავებაზე გაწეულ ხარჯებს, იგი ჩასმულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და სუბსიდიის სახით ერიცხებოდა ა.ი.პ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს”, _ აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელიც ჩვენი მოთხოვნის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის თანახმად 5 აგვისტოს მოგვაწოდა.
დასუფთავების სამსახურის უფროსი მერაბ კურდღელაშვილი კი თავის აღიარებით ჩვენებაში რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 4 აგვისტოს გაავრცელა, ამბობს, რომ “2010 წლის, თუ არ ვცდები, ივნისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ დამიბარა მასთან კაბინეტში და მითხრა, რომ ოზურგეთის ტერიტორიაზე, დასუფთავების სამსახურის 2010 წლის და 2011 წლის სამუშაოს შესრულებაზე გამეფორმებინა ხელშეკრულება 1 100 000 ლარზე. აქედან გამომდინარე, მისთვის უნდა გადამეხადა ყოველთვიურად ქრთამი, რომლის საერთო ოდენობა იქნებოდა 30 000 ლარი, აქედან გადახდილი მაქვს 20 000 ლარი.” _ ამბობს კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში.
თავის მხრივ, გამგებელს კურდღელაშვილთან ამ საქმიანობის შესრულებაზე ხელშეკრულების გაფორმება არ დასჭირდებოდა, რადგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა.ა.ი.პ.) “ოზურგეთის დასუფთავების სამსახური”, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წლების წინ არის დაფუძნებული, ანუ მუნიციპალიტეტის სამსახურია, რომელიც ახორციელებს დასუფთავების საქმიანობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამ ტიპის მომსახურებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტს არ სჭირდებოდა არც ტენდერი, არც ფასთა კოტირება ან სხვა რაიმე ტიპის სახელმწიფო შესყიდვების გახორციელება, რადგანაც ასეთი სამსახური, დასუფთავების სამსახურის სახით, უკვე ჰქონდა. რაც შეეხება 2011 წელს, იგივე პრინციპი გრძელდებოდა და ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვებზე გამგებელი, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, ხელს არ აწერს.