ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ გააკეთა.
ნაცვალაძის თქმით, ფაქტი, რომელმაც მთელ საქართველოში აჟიოტაჟი გამოიწვია, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: “როცა საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე ხელისუფლების ნაკლოვანებებზე, არასწორად გაწერილ ბიუჯეტზე, კორუფციულ გარიგებებზე და სხვადასხვა დარღვევებზე მივუთითებ, ისე გამოდის, რომ “ძაღლი _ ყეფს და ქარავანი _ მიდის”, დღეს კი ვიღაცას დასჭირდა, გიორგი ტაკიძე “სანაგვეზე” მოისროლოს. მე ერთადერთი დეპუტატი ვარ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელმაც გამგებლის თანამდებობაზე ტაკიძის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა, რადგან ამ სიბინძურისთვის ვერ გავიმეტე. ტაკიძის ადვოკატად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ კურდღელაშვილის ჩვენება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს _ საინტერესოა, რომელ ხელშეკრულებაზე საუბრობს მერაბ კურდღელაშვილი, როცა მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს?!”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ნაცვალაძე.
მისი თქმით, არამარტო დასუფთავების სამსახური, არამედ მთელი რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციები წარმოადგენს ხელისუფლებისთვის ფულის გათეთრების წყაროს, მაგრამ არა მარტო ტაკიძისთვის _ “გამგებელი გუბერნატორის ჯიბეა, გურიის ბატონ-პატრონი ჯერჯერობით “ყოვლისშემძლე” რამაზ ნიკოლაიშვილია”: “თუ ვინმეს მართლა სურს მოსპოს ან თუნდაც შეანელოს გურიაში ელიტარული კორუფცია, ცოტა ადრეული პერიოდებიდან უნდა დაიწყოს და დასუფთავების სამსახურის მოღვაწეობის იმ პერიოდს გადახედოს, როცა აღნიშნულ სამსახურს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. მაშინ ვნახავთ კორუფციის გზები ვისთან მიგვიყვანს; ან თუნდაც სოფლის მხარდამჭერ პროგრამების არამიზნობრივი ხარჯვა გავიხსენოთ _ საინტერესოა, გამოყოფილი მილიონებიდან რა თანხები მოხმარდება ქალაქსა და სოფელს; ან კიდევ _ რამაზ ნიკოლაიშვილის თაოსნობით, სამი წლის წინ დაიშალა პირველი საჯარო სკოლის ისტორიული მუზეუმი იმ პირობით, რომ უკეთესი აშენდებოდა, მაგრამ დღემდე ნანგრევებად რჩება _ გარემონტდა სკოლის ერთი ფლიგელი, რომელიც უკვე იშლება. ანალოგიურ მდგომარეობაშია მეორე საჯარო სკოლაც. ფაქტები ძალიან ბევრია”, _ ამბობს საკრებულოს წევრი.
მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იწვევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობა საგანგებო სხდომას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით: “საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ველოდები საკრებულოს თავმჯდომარისგან, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე როგორც საკრებულოს წევრი, მოვუწოდებ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ ჩემს მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რადგან ვთვლი, რომ მას აღარ აქვს მორალური უფლება, ეკავოს აღნიშნული პოსტი. ბატონ მამეშვილს მინდა შევახსენო, რომ ერთი წლის თავზე ტაკიძისა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ნათლად საუბრობდა ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის მიღწევებზე. და ბოლოს ვიტყვი, რომ ეს არ არის ოზურგეთის კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯი _ ეს არის ორი მაღალი რანგის ჩინოსანს, “უძლეველ” ვანო მერაბიშვილსა და “ყოვლისშემძლე” რამაზ ნიკოლაიშვილს შორის დაპირისპირების გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ ე.წ. “ბახმაროს“ სკანდალით დაიწყო. ნურავინ ჩამითვლის ნიშნის მოგებით ნათქვამად, გულწრფელად ვწუხვარ აღნიშნული ფაქტის გამო, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს _ სააკაშვილის ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში ფარად იყენებს წესიერ ადამიანებს მათი სიბინძურის დასაფარავად, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისთანავე სანაგვე ურნებზე ისტუმრებს”, _ ასე ფიქრობს ის.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ დრომდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ოფიციალური განმარტება, ან რაიმე სახის განცხადება მომხდართან დაკავშირებით არ გაკეთებულა.