ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მნიშვნელოვანი სათათბირო ორგანო _ საზოგადოებრივი დარბაზი შეიქმნება, რომლის წევრები იურიდიული პირები იქნებიან. ისინი ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემას, რომელსაც მოქალაქეები წამოჭრიან, საჯაროდ განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (მუხლი 119) საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის შესაძლებლობას ითვალისწინებს. დარბაზის პრაქტიკულად ამოქმედების მიზნით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები სამუშაო შეხვედრაზე მიიწვია. ორგანიზაციის ოფისში გამართული ორი სამუშაო შეხვედრის შედეგად, საზოგადოებრივი დარბაზის დებულების პროექტის საბოლოო ვარიანტზე შეჯერება მოხდა.
დებულების სამუშაო ვარიანტი, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელების ხელმოწერით, საკრებულოში შევიდა. ამის შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დებულების პრეზენტაციის გამართვა მოითხოვა, რომელსაც დებატები და დისკუსია მოჰყვა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი ამბობს, ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც მისი თხოვნით შედგა: _ მოვიწვიე 13 ორგანიზაცია, ვინც დებულებას აწერდა ხელს, რათა მოეხდინათ პრეზენტაცია საკრებულოს წევრების წინაშე. ძალიან კარგი მომენტია საზოგადოებრივი დარბაზის არსებობა და მას სრული დატვირთვა ექნება. გარკვეულწილად, მსგავსი ღონისძიებები ხორციელდება საჯარო განხილვების დროს, მაგრამ დარბაზს თავისებურად სხვა დატვირთვა აქვს. მეორე ის არის, რომ ანალოგი საქართველოში მხოლოდ თბილისშია, რომელიც ახალი ჩამოყალიბებულია.
დებულების ვარიანტში მითითებულია, რომ მონაწილე ორგანიზაციას შეუძლია ოთხი წარმომადგენლის წარდგენა დარბაზში. როგორ არჩევენ ოთხეულს? ვინც მოვა და იტყვის, მინდა ვიყო დარბაზშიო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვისთან გვექნება თანამშრომლობა. მეორე თემა იყო ის, რომ შეხვედრას ერთი დაესწრება თუ მეორე ჩაანაცვლებს? ერთმა ადამიანმა შეიძლება ბოლომდე ვერ დაასრულოს ის პროცესი, რისთვისაც მოვიდა. შეიძლება, მას საკითხები აქვს დასაყენებელი, რომელსაც საჯარო განხილვა, კენჭისყრა და დამტკიცება სჭირდება?! საკრებულოს დებულების მიხედვით, დარბაზში ნებისმიერ იურიდიულ პირს შეუძლია გაწევრიანება, თუმცა, ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დებულების ვარიანტის მიხედვით, საკრებულოს მიერ შექმნილ აიპ-ებს _ არა. ამ საკითხს ჩვენ გავდიოდით შეხვედრამდე, გვინდოდა მზად ვყოფილიყავით, წამოვიდა საკრებულოს წევრების თხოვნა და სურვილი, რომ აიპ-ების წარმომადგენლები გახდნენ საზოგადოებრივი დარბაზის წევრები. რამდენიმე მუნიციპალიტეტმა საერთოდ ამოიღო თავიანთი დებულებებიდან საზოგადოებრივი დარბაზი, მაგრამ ჩვენ შეგნებულად დავტოვეთ _ გვინდა რომ გაკეთდეს. ახლა წამოვიდა წინადადებები, რომ ცვლილება უნდა შევიდეს დებულებაში. ბევრი ნიუანსია განსახილველი. ჩვენ ერთი კვირის ვადაში გადავხედავთ და გადმოგიგზავნით. მუნიციპალიტეტის მიერ ჩამოყალიბებული აიპ-ები, სადაც ინტელექტუალები მუშაობენ, მაგალითად, კულტურის სფერო, თეატრი, ბიბლიოთეკა, სახვითი ხელოვნება, პედაგოგები, ექიმები, ისინიც ხომ ფინანსდებიან სამინისტროების მიერ ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს ადამიანები შევზღუდოთ? მინდა უფრო ფაქიზად მოვეკიდოთ ამ საკითხს. საკრებულო გააკეთებს ყველაფერს, რომ დარბაზმა იმუშაოს, მაგრამ არის მეორე მხარე _ რამდენად იმუშავებენ დარბაზის სხვა წევრები?! მოხდება იდეის მოსმენა, ჩვენს ვარიანტს გადმოგიგზავნით, გადახედეთ და შევჯერდეთ. ახლა ჩვენ მოგიწვიეთ, შემდეგ თქვენ მიგვიწვიეთ. ვფიქრობ, რომ უმჯობესია კიდევ გავიაროთ კონსულტაციები, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, _ გვითხრა ალეკო მამეშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი: _ გამოგვიგზავნეს განკარგულებისა და დებულების პროექტი, როგორ უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი დარბაზი; ამაზე თავის შეწუხება არ იყო საჭირო _ განკარგულებას ჩვენც მშვენივრად ვადგენთ, შეგვიძლია დებულებაც ნორმალურად შევადგინოთ. რადგან ამ ხალხმა იშრომა და წარმოგვიდგინა, ბუნებრივია, ამის პრეზენტაცია ჩვენ გავაკეთეთ, თუმცა ვიმეორებ, რომ მათ თავიანთი სამუშაო ვარიანტი მოგვაწოდეს. ეს არ არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, თუმცა, გავითვალისწინებთ. ფიქრობენ, რომ ასე იქნება კარგი, მაგრამ პირველი: ეს არ არის სიახლე _ ეს ჩვენ დავიწყეთ და საკრებულოს დებულების 119-ე მუხლი ეძღვნება საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას, ჩვენ ამაზე ნამდვილად ვმუშაობდით, რამდენჯერმე გავიარეთ ეს საკითხი, მაგრამ გარკვეულწილად წინააღმდეგობებსაც წავაწყდით, ამიტომ, დროებით შევჩერდით. ბუნებრივია, ჩვენ არ ვამბობთ ისეთ რაღაცეებს, რაც უსაფუძვლოა, ან რაც კანონს ეწინააღმდეგება. ეს ხალხი ითხოვს, ჩვენ ვიყოთ დარბაზში და სხვა არაო, რაც არასწორია! ნახეთ მეორე მუხლი რას ამბობს: დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ დაინტერესებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო კომერციულ იურიდიულ პირს, გარდა იმ იურიდიული პირებისა, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ან/და, რომელშიც სახელმწიფოს გააჩნია თავისი წილი. რატომ? ეს არ არის საზოგადოების ნაწილი? ეს არ არის არასამეწარმეო იურიდიული პირი თუ რატომ? რის საფუძველზე ვუთხრათ ამ ხალხს უარი? მითუმეტეს, ჩვენი დებულების 119-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირის წარმომადგენლისგან. ხედავთ, რომ მათი დებულების ეს მუხლი ეწინააღმდეგება საკრებულოს დებულებას. ჩვენ ამას ვერ მივიღებთ ვერანაირად. სხვა ტექნიკური საკითხებიც დაისვა; მაგალითად, საზოგადოებრივ დარბაზში რეგისტრირებულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო კომერციულ პირს უნდა ჰყავდეს ოთხი წევრი. თუ საზოგადოებრივ დარბაზში დარეგისტრირდება ასი სამეწარმეო პირი, ოთხასი წარმომადგენელი ეყოლება. სად ჩავატაროთ ეს სხდომა _ თეატრში?! მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასობით სამეწარმეო და არასამეწარმეო პირია. რომ დარეგისტრირდეს 700-800, რა ვუყოთ ამ ხალხს? მიტინგი გავაკეთოთ თეატრის წინ? და ყველას ოთხ-ოთხი წარმომადგენელი უნდა ჰყავდესო, დებულებაში უწერიათ, რა ვუყოთ 2000 კაცს?! კიდევ ერთი საკითხი: საზოგადოებრივ დარბაზში რეგისტრირებული ხუთი იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე საკრებულომ უნდა მოისმინოს ანგარიშები, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა…. ამდენმა რომ მოითხოვოს, დღეში 2-2 სხდომა გავმართოთ?! ძალიან ბევრი რამ არის შესაჯერებელი ან მიუღებელი _ საზოგადოება აქ რატომღაც იყოფა ნაწილებად. მართლა ვერ გავიგე, ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელები, მაგალითად, ზაზა ჭინჭარაძე, ლიკა ბაქანიძე რატომ არ არიან საზოგადოების წევრები და რატომ არიან ლევან ხინთიბიძე, თამაზ ტრაპაიძე, ნუგზარ ასათიანი და სხვები?!
_ ბატონო ავთანდილ, თქვენს მიერ ჩამოყალიბებული აიპ-ები ბიუჯეტიდან 100% ფინანსდებიან; შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან თქვენს წინაშე ანგარიშებით წარსდგნენ, ამ შემთხვევაში შეიძლება ისინი დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდნენ.
_ ცოტაა ისეთი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, რომელსაც რომელიმე ძალა აკონტროლებს?! ისინიც სხვის ინტერესებს წარმოადგენენ მაშინ და მეორეც, წინასწარი ვარაუდებით რატომ გამოვდივართ?! არ გავაკეთებთ, რომ დავყოთ საზოგადოება. წესი, კანონი, რიგი, დებულება ყველასთვის ერთია. რატომ აკეთებთ დიფერენცირებას? გარდა ამისა, სხვა მომენტებიც არის, რომელიც გასათვალისწინებელია. მე მოხარული ვარ, თუ შევთანხმდებით დეტალებზე და სრული დატვირთვით ამოქმედდება საზოგადოებრივი დარბაზი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ძალიან ბევრი რამ არის დასახვეწი და შესაჯერებელი.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე: _ საზოგადოებრივი დარბაზი წარმოადგენს საკრებულოსთან არსებულ, კომბინირებული შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს, რომელიც აწვდის საკრებულოს საკუთარ მოსაზრებებს რჩევების, რეკომენდაციების და შენიშვნების სახით მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე. მისი ჩამოყალიბება, პირველ რიგში, იძლევა შესაძლებლობას დაიწყოს პირდაპირი დიალოგი ხელისუფლებასთან.
თავის მხრივ, ოზურგეთში მოქმედ არასამთავრობო, მედია და ბიზნეს-ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი დარბაზის გარეშეც, ცალ-ცალკე შეუძლიათ მსგავსი საქმიანობები დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ აწარმოონ, მაგრამ როდესაც ამ ინტერესების გაერთიანება მოხდება და ერთიანი ძალისხმევით წარედგინება ადგილობრივ ხელისუფლებას სამსჯელოდ, მგონი არც ხელისუფლებისთვის უნდა იყოს ურიგო ფაქტი. ამასთან, იზრდება საკრებულოს მუშაობის საჯაროობისა და მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხი.
მეორეს მხრივ, არც ოზურგეთის საკრებულოს უნდა დავუკარგოთ წინგადადგმული პოზიტიური სახელისუფლებო ნება _ ითანამშრომლოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან, მაგრამ ამ სამუშაო პროცესში წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებრივი დარბაზის დებულების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ოზურგეთში მოქმედმა 13-მა ორგანიზაციამ, ერთმანეთთან წინასწარი კონსულტაციისა და მისი განხილვის საფუძველზე წარვუდგინეთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ეს ფორმალური პროცედურა იმიტომაც გავიარეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა და საკუთარი შეხედულებები შეგვეჯერებინა, თორემ რა თქმა უნდა ხელისუფლებასაც შეეძლო “მსგავსი” დებულება თავად წარმოედგინა ჩვენთვის. მაგრამ, არა მგონია, ეს დოკუმენტი ყველასთვის თანაბარწარმატებულად მისაღები ყოფილიყო იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელსაც დღეს ხელისუფლება აყენებს. თუ სურვილია საზოგადოებრივმა დარბაზმა ფორმალურად იარსებოს ოზურგეთის ფლაგმანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გარეშე, რომელთაც, სხვათაშორის, ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ არა მარტო გურიის რეგიონის მასშტაბით, მაშინ ამ საკითხისადმი მიდგომა, ჩვენის მხრიდან რადიკალურად იცვლება. ჩვენი მოსაზრებით, საზოგადოებრივი დარბაზის კარი ყველასთვის უნდა იყოს ღია (უბრალოდ, საწყის ეტაპზე, ამ ინიციატივას ჯერჯერობით 13 ორგანიზაცია გამოეხმაურა), მხოლოდ იმ კატეგორიის გამოკლებით, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. თავისთავად ბუნებრივია იბადება კითხვა _ რატომ ? შევეცდები ლაკონურად ავხსნა: ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საკუთარი უფლებამოსილებების შესაბამისად, კანონის საფუძველზე აყალიბებენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს ე.წ. აიპ-ებს, მათ გამგებლობას მიკუთვნებული სერვისების მოსახლეობისთვის ეფექტურად მიწოდებისთვის. მართალია კანონი ამბობს, რომ ამ კატეგორიის ორგანიზაციებს აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების სახე, მაგრამ მის დამფუძნებლად გვევლინება ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლებსაც მუნიციპალური ფუნქციების შესრულებისთვის სრულ დაფინანსებას გადასცემს ადგილობრივი ბიუჯეტი; საშტატო განრიგი და რიცხოვნობა, ხელფასის ოდენობა, სამუშაო დატვირთვა და ასე შემდეგ, სრულად დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლების დაკვეთასა და ნებაზე. აქედან გამომდინარე, ეს ორგანიზაციები გახლავთ მუნიციპალური ხელისუფლების დანამატი ან სხვაგვარად რომ ვთქვათ “შვილობილი” ორგანიზაციები. ეს არ წარმოადგენს ტიპიური ინტერესთა კონფლიქტის მაგალითს?! ასეთია ჩვენი ლოგიკური მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, თორემ პიროვნულად არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ზემოთ ჩამოთვლილ ამ ადამიანებთან; უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებთ ჩვენს ღრმა პატივისცემას მათ მიმართ და სრულიად უადგილოა შეიქმნას ხელოვნური ბარიერები “ჩვენსა” და “მათ” შორის.
ჩვენი სურვილია საზოგადოებრივი დარბაზის შემადგენლობაში მოხვდნენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელნი იქნებიან გადაწყვეტილების მიღების დროს.
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან გამოსავლის მოსაძიებლად. კიდევ ერთი, არა მგონია ოზურგეთში ისეთი სამოქალაქო აქტიურობა დუღდეს, რომ ყოველი საკრებულოს სხდომის გამართვაზე თეატრის დარბაზები ან ქალაქის მოედნების გამოყენება დაგვჭირდეს. როცა ეს დრო მოვა, იმედია, ალბათ მაშინ საკრებულოს სხდომის დარბაზიც გაფართოვდება, ან კიდევ, წესდებაში ადეკვატური ცვლილებების შეტანა რისკებს ხომ გამორიცხავს?! ჩვენ მაინც გვჯერა, რომ შეთანხმებას მივაღწევთ ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ: საზოგადოებრივი დარბაზი ხელისუფლებასთან ურთიერთობის უშუალო და გულღია დიალოგის საფუძველი უნდა გახდეს და არა ჩვენს შორის ბარიერის აღმმართველი მექანიზმი.