ნოემბრის პირველი რიცხვებიდან ოზურგეთი პანიკამ მოიცვა, განსაკუთრებით, სასკოლო ასაკის მოსწავლეები _ ისინი შეშფოთებულნი ამბობდნენ, რომ ქალაქის ქუჩებში ხედავდნენ შეურაცხადი ქმედების მქონე პირს, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, დევნიდა მათ და აშინებდა. მალე გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ოზურგეთის სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა ახალგაზრდა დაჭრილი მამაკაცი.
“გურია ნიუსი” ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე დაინტერესდა და სცადა, გადაემოწმებინა ინფორმაცია. “გურია ნიუსისთვის” დაზარალებული ოჯახის ვინაობაც ცნობილი გახდა, თუმცა იქ მისულებს, დაჭრილი მამაკაცის დედამ ინტერვიუზე უარი გვითხრა, ჩემი შვილის უკითხავად ვერაფერს გეტყვითო:
_ ახალგაზრდაა და ხომ იცით, როგორი თაობაც გვეზრდება? ფაქტის გამჟღავნება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, თან ჩემი შვილი სახლში არაა და მის გარეშე ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა დიასახლისმა, თუმცა ინფორმაცია დაგვიდასტურა.
_ ნახეთ, ჟურნალისტებო _ ქალაქში ვიღაც გიჟი თუ სისხლმოწყურებული ავადმყოფი დადის, რომელიც მხოლოდ ერთ უბანში ესხმის თავს ოჯახებს, უშენს ქვებს, ფეხით მოსიარულეებს მისდევს. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ღამე დაჭრა კიდეც ე.წ. “შპიცით”, _ გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
“გურია ნიუსი” ქალაქის იმ უბანს ესტუმრა, სადაც, ხალხის თქმით, მანიაკად შერაცხული ადამიანი შემხვედრს შიშის ზარს სცემდა. თუმცა ღიად საუბარი ამაზე არავინ ისურვა:
_ დაშინებულები ვართ, განსაკუთრებით ბავშვები. როგორც კი მოსაღამოვდება, ქუჩაში არავინ გადის. პოლიციამ, ჯერჯერობით, ვერავინ იპოვა, თუმცა, ეძებენ. იმასაც ამბობენ, რომ ის ადამიანი ციხიდან ახალგამოსულია. თუ გიჟია, საგიჟეში წაიყვანონ! ამბობენ, პოლიციას არ სურს, რომ ეს ფაქტი გახმაურდეს, რადგან მოსახლეობა პანიკაში ჩავარდებაო. ამაზე მეტი შიში რა უნდა ვნახოთ? თუ ვერ იჭერენ, თქვან და გვეცოდინება, ფრთხილად ვივლით, ჯოხს მაინც დავიჭერთ ხელში. თუ დაიჭირეს, ესეც გვითხრან. გააკეთოს პოლიციამ განცხადება _ ან დაადასტუროს ან უარყოს, _ ამბობენ შეშინებული და გაღიზიანებული მოქალაქეები.
“გურია ნიუსმა” ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია სასწრაფო დახმარების სამსახურში მოიპოვა.
_ ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ ასეთი ადამიანის შესახებ, _ გვითხრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსმა ნანა გოლიაძემ, თუმცა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 13 ნოემბერს, ღამის 11 საათზე, 27 წლის ახალგაზრდა მართლაც იყო დაჭრილი:
_ გამოძახება ნამდვილად იყო. ადგილზე პოლიციის ერთი მანქანა დაგვხვდა, მეორე კი ჩვენ გამოვიძახეთ. ავადმყოფმა არაფერი გვითხრა, არ გაამხილა, თუ ვინ და რით დაჭრა, _ აღნიშნა ექიმმა, რომელიც იმ ღამით იყო მორიგე.
გულმკერდის არეში ნაჩხვლეტი ჭრილობა,” _ ვკითხულობთ ახალგაზრდა კაცის ფიზიკური დაზიანების შესახებ სამორიგეო რვეულში. “გურია ნიუსის” კითხვაზე, იყო თუ არა ჭრილობა “შპიცით” მიყენებული, ექიმმა დასძინა: _ ჩვენ არ ვიცით, რითი იყო ჭრილობა მიყენებული. ეს მხოლოდ პოლიციამ იცის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს პრესშეფი მაია გიორგაძე, როგორც ყოველთვის, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს(?!).
გასცემს თუ არა პოლიცია მოსახლეობას პასუხს და იქნება თუ არა დაცული ოზურგეთელთა უსაფრთხოება, ჯერჯერობით, უცნობია.