დღეს, ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება , რომელშიც მონაწილეობას ორი კანდიდატი იღებს _ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ბეგი სიორიძე და "პატრიოტთა ალიანსიდან" შოთა გოგიბერიძე.
როგორც ბეგი სიორიძის საარჩევნო შტაბიდან გვაცნობეს, მათ შტაბთან დილიდანვე შეიმჩნევა შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერთა ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა რეპლიკებით ცდილობენ ბეგი სიორიძის მხარდამჭერების გამოწვევას და მათთან კონფლიქტში შესვლას.
"განსაკუთრებით კი აქტიურობს პიროვნება, (როგორც შტაბში აცხადებენ, სავარაუდოდ მას ქვია სოსო), რომელსაც რამდენჯერმე ბეგი სიორიძის შტაბში შესვლის მცდელობაც ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც მას ავუხსენით, რომ იქ სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და ხელს მისი ამგვარი ქმედება ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს, მან დატოვა შტაბის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ამის შემდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართულად დაიწყო მოსახლეობაში ხმების გავრცელება, თითქოს მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა."
როგორც "გურია ნიუსმა" დააზუსტა, აღნიშნული პიროვნება, რომელიც აღნიშნულ ინციდენტზე საუბრობს, გახლავთ შოთა გოგიბერიძის შტაბის აქტივისტი სოსო ერქომაიშვილი.
იყოს ეს რეალური ზეწოლა თუ პროვოკაცია, არსებობს თუ არა გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები, ამის გარკვევა თავად სოსო ერქომაიშვილთან გადავწყვიტეთ.
" მე ვარ ჩვეულებრივი ამომრჩეველი, ვუყურებდი სიტუაციას, გაჩერდა "ტოიოტას" ჯიპი, დავინახე რომ ბეგი სიორიძე იყო, დამიძახა და ვციტირებ " სოსო უკვე წაგებული გაქვს, სასწრაფოდ დატოვე ოზურგეთი" და შემდეგ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
_ ბატონო სოსო, გაქვთ რაიმე მტკიცებულება, რითიც თქვენი სიტყვების დადასტურება შეიძლება?
_ იქ იყო რამდენიმე პიროვნება, რომელსაც ეს ესმოდა, ანუ გაიგო სადღაც ორმა სამმა კაცმა.
_ ბატონო სოსო, თქვენ რიგითი ამომრჩეველი ბრძანდებით თუ შოთა გოგიბერიძის აქტიური მხარდამჭერი?
_ დიახ, ვბრძანდები ბატონი შოთას მხარდამჭერი.
_ სწორედ მაგიტომ გეკითხებით, გყავთ თუ არა ვინმე ისეთი მოწმე, ვინც დაადასტურებს თქვენს სიტყვებს?
_მობრძანდით შოთა გოგიბერიძის ოფისში და დაგახვედრებთ იმ ხალხს, რომლებმაც ეს გაიგეს.
_ ანუ ასევე შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერებს?
_ ხო, ნუ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრი ხალხი იყო.
_ ბატონო სოსო, არადაინტერესებულ პირებს ვგულისხმობ, რადგან ბეგი სიორიძის შტაბში აცხადებენ, რომ თქვენ პროვოკაცია მოაწვეთ. მედია საშუალებები ან ტელევიზია არ იყო, რომ ეს ფაქტი აესახა?
_ არა არა არ იყო მედია საშუალებები. მე ეს ინფორმაცია უკვე გადავეცი.
_ ვის გადაეცით?
_ როგორც საჭიროა ხალხს, – ქალბატონებო და ბატონებო, ამ ბატონმა მე დედა მაგინათქო. ანუ მე ეს საზოგადოებას ვუთხარი.
_ არ დაფიქსირებულა ანუ ვიდეო კამერებით?
_ არა არა არ დაფიქსირებულა ვიდეო კამერებით ეს ფაქტი, თუმცაღა ხმამაღლა მოუვიდა და ხალხმა გაიგო, თუ ვინ გაიგო, მობრძანდით ოფისში.
_ თქვენს და ბეგი სიორიძეც დაინტერესებული მხარეები ბრძანდებით, იქნებ რაიმე ფაქტი მოგვაწოდოთ, რომლითაც თქვენი განცხადება დადასტურდება. თქვენ თვითონ ტელეფონი ან რაიმე არ გქონდათ რომ ჩაგეწერათ ან გადაგეღოთ ეს ყველაფერი?
_ არა, არ მქონია. ეს ისედაც ისეთი მოულოდნელი იყო… წინა დღით დავემშვიდობე, როგორც ნათესავი ნათესავს და ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. ეს ფაქტი გარდა თვითმხილველებისა, ვიდეო კამერებით ან ტელეფონით არ დაფიქსირებულა.
_ რა მტკიცებულება შეიძლება არსებობდეს გარდა დაინტერესებული პირებისა, ანუ შოთა გოგიბერიძის და ბეგი სიორიძის?
_ ეს უკვე არის იმ საზოგადოების შესაფასებელი, ანუ ჩემს ნათქვამს ვინ დაადასტურებს და ბეგის ნათქვამს ვინ დაადასტურებს, ჯერ პიროვნებების და მერე ზოგადად საზოგადოების შესაფასებელია. ფაქტია ის, რომ იქ იყო ჩემი მხარდამჭერები, უფრო სწორად ჩემს გვერდზე მდგომები, რომლებიც შოთას მხარს უჭერენ, და მათი მხარდამჭერები მინიმუმ იმათმა დაინახეს რომ გააჩერა პირდაპირ. ანუ ის ხმა თუ ვერ გაიგონა დანარჩენმა საზოგადოებამ, იმას მაინც კი იტყვიან, რომ გააჩერა მანქანა. ვინც მანქანის გაჩერება დაინახა, ეს შეიძლება საზოგადოებისთვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდეს
_ ბატონო სოსო, როგორც ამბობენ თქვენ რამდენიმე დღის წინაც იყავით ბეგი სიორიძის შტაბში და რა საქმეზე ბრძანდებოდით მისული მაშინ?
_ მე ვიყავი თბილისში, უფრო სწორად დედა მყავს სიორიძე. აქედან გამომდინარე, მე ვიყავი თბილისში, დამირეკა ბეგი სიორიძემ, სოსო რას შვრები როგრ ხარო, მოიკითხა გაიგო ჩემი მხარდაჭერის სტატუსი, მე ვუთხარი როცა ჩამოვალ ოზურგეთში, მოვალ გნახავ და დაგელაპარაკები და ვისაუბრეთ ზოგადად აი ამ პოლიტიკურ სიტუაციაზეთქო.
_ უბრალოდ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეთ?
_ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სიტუაციაზე ვისაუბრეთ და იმაზე, რომ ჩვენ ნათესავები ვართ, დედაჩემი სიორიძეა. მისი მამა და დედაჩემი ერთად გაზრდილები არიან და ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ ჩვეულებრივად. იმ დღეს ძალიან კმაყოფილი წამოვედი, ბეგიმ მითხრა, რომ ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჩვენს ნათესაურ ურთიერთობაზე არ აისახებოდა. მეთქი აგაშენა ღმერთმა, ჯვარი გვეწეროს, მეც მაგიტომ მოვედითქო. ახლა პოლიტიკური ურთიერთობა თუ არ გვექნებოდა, ეს არ არის პრობლემა, თორე ნათესაური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდანაც შენარჩუნდება.
_ ანუ თქვენს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა?
_არანაირი, უფრო მეტიც, კმაყოფილი წამოვედი, ძალიან დამშვიდებული, და დღეს დილით საიდანღაც გამოჩნდა ეს კაცი და გააჩერა მანქანა, დამინახა ალბათ, რომ გაიგო პოზიცია რომ არ შევიცვალე თუ რაღაც ასეთი…
_ პირველი შეხვედრისას გთხოვათ, რომ პოზიცია შეგეცვალათ?
_არა, არა, ეტყობა სავარაუდოდ… მიხვდით ხო, რასაც გეუბნებით… სავარაუდო ამბავია… ნუ ადამიანს შევხვდი, ძალიან კმაყოფილები დავშორდით ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განცდა დამრჩა ჩემი მხრიდან და დღეს დილით ტელევიზიის წინ გააჩერა მანქანა.
_ ბატონო სოსო თქვენ სიორიძისთვის არ გითქვამთ როცა მას პირველად შეხვდით, თითქოს თქვენ "ქართულმა ოცნებამ" გამოგიშვათ შოთა გოგიბერიძის მხარდასაჭერად?
_ არა არა არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას,
_ თქვენ ქართული ოცნების წევრი ხართ?
_ მე "ქართული ოცნების" დამფუნებელი ვარ, "ქართული ოცნების" წევრობასა და დამფუძნებლობას შორის სხვაობაა . მე ვარ დამფუძნებელი, ქართული ოცნების რიგითი ჯარისკაცი.
თუ ბატონი სოსო ერქომაიშვილი წარმოადგენს კონკრეტულ ფაქტებს, "გურია ნიუსი" ამასთან დაკავშირებითაც მოამზადებს მასალას.