ლანჩხუთის საარჩევნო უბნების წინ, "გურია ნიუსმა" რამდენიმე ადამიანი სიებით ხელში შენიშნა, რომლებიც, როგორც გვითხრეს "ქართული ოცნების" კოორდინატორები არიან და თავიანთ ამომრჩევლების საარჩევნო უბნებზე გამოცხადებას აფიქსირებენ.
კოორდინატორებმა "გურია ნიუსთან" სახელისა და გვარების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. ქვემოთ მოცემული ფოტოები კი, ლანჩხუთის გამგეობის წინ, პარკში და ასევე # 37 უბანზეა გადაღებული.
აღნიშნულთან ფაქტი წარმოადგენს თუ არა რაიმე სახის დარღვევას, ამასთან დაკავშირებით #61 ლანჩხუთის საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ სიები, სადაც აღნიშნულია მათი მომხრეები, არანაირი დარღვევა არ არის, არ წარმოადგენს პრობლემას, ვის რა მუშაობის რა სტილი აქვს შერჩეული, ეს ჩვენი საქმე არ არის, მთავარია არ იყოს კანონით აკრძალული. დღეს აგიტაციის უფლება აქვს ყველას, ამის აკრძალვა არ არსებობს, გარდა საარჩევნო კენჭისყრის შენობისა.
ყველა სუბიექტს შეუძლია ჰქონდეს სიები, აიღოს მეორე პარტიის წარმომადგენლებმა და შეამოწმოს, რა პრობლემაა, კოორდინატორები მოტირალი ქალებივით იქნებიან დამსხდრები თუ მგალობელი კაცებივით, ამის შეზღუდვა ჩვენ აბსურდათ მიგვაჩნია. თუ ვინმე ტირის, დაჯდეს და გაიცინოს, ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი მოტირალს თუ მომღიმარს.
_ ბატონო ზვიად, გვქონდა ინფორმაცია, რომ კოორდინატორი ამომრჩეველს შეჰყვა ხმის მიმცემ კაბინაში, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
_ ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, შემოსული ამომრჩეველი კოორდინატორია, უბნის უფროსია თუ უბრლოდ ამომრჩეველი. თუ ის ამომრჩეველი მოითხოვს შემყვეს კაბინაშიო და მას მისი კონსტიტუციური უფლება ფარულობასთან დაკავშირებით ფეხებზე ჰკიდია, ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ვინაა კოორდინატორი, კაპიტანი თუ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ეს იციან მისი პარტიის წარმომადგენლებმა, დამკვირვებლებმა, ჩვენ ამის ცოდნა არ გვევალება.