ამ წუთებში, "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულია "ნაციონალურ მოძრაობის" ორი მხარდამჭერი – ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ ბადაგიძე.
"კოალიცია "ქართულმა ოცნებამ“, დღეს აჩვენა ქართულ საზოგადოებას, რომ ის არჩევნების ჩატარებას და ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული კანდიდატის, ნარმანიას თბილისში გაყვანას, ძალადობრივი მეთოდებით აპირებს.
წინა საარჩევნო პერიოდშიც, 15 ივნისსაც, ჩვენ ვიხილეთ ძალადობის უპრეცენდენტო ტალღა, რომელიც დღესაც გრძელდება და ამას თან ახლავს პოლიციის მხრიდან აბსოლუტურად მიკერძოებული ქმედება – მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დაკავება, ან დაკითხვაზე წაყვანა. ხოლო, მოძალადე "ქართული ოცნების" აქტივისტები, პრაქტიკულად დაუსჯელი რჩებიან.
ამ წუთას გვაცნობეს, რომ კრწანისში დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტი – ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ ბადაგიძე სრულიად უსაფუძვლოდ, და ეს მაშინ, როცა "ქართული ოცნების" არცერთი აქტივისტი, რომელმაც შეტევა მიიტანეს ვიდეო კამერით აღჭურვილ დამკვირვებლებზე, დაკავებულები არ არიან. ეს კარგად ჩანს ტელეკომპანიების მიერ გაშვებულ კადრებშიც."
"გურია ნიუსი" ნუგზარ მკალავიშვილისა და მერაბ ბადაგიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც კი სამინისტრო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვაწვდის, ოპერატიულად შემოგთავაზებთ.