სიტყვები, რომლითაც ეს წერილი დავასათაურე, 2009 წლის 10 მარტს, სიცოცხლის ბოლო წამებში, სუნთქვას ამოაყოლა ცნობილმა მწერალმა ოთარ ჭილაძემ.
მოუარეთო _ შეგვევედრა!
ვუვლით?!
ყველას ჩვენებურად გვესმის _ მოვლა! სააკაშვილისთვის შადრევნები და დაკიდული ხიდებია მთავარი, უმთავრესი კი _ საქართველოს კარის სტუმარ-მასპინძლური გაღება სინგაპურიზაციისთვის.
დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე, ოტია იოსელიანი ტკივილით ამბობდა: “ყოველდღე ვსპობთ და ვათახსირებთ ქვეყანას. ზნეობა რომ მოიშლება ხალხში, იმას რა გადაარჩენს?”
ვათახსირებთო ქვეყანას, მწერალმა. ამის დასტური არაა ხელისუფლების ერთგული მეხოტბე “იმედი” და “რუსთავი 2” სხვადასხვაგვარი შოუებით? თითქმის შიშველი ქალ-ვაჟნი, საყურებიანი მამაკაცებით, კაცად გარდაქმნილი ქალებით თუ პირიქით?
შოუ _ ინგლისიდან და ამერიკიდან შემოჭრილი წარმოდგენა-სპექტაკლია, რომლის რეჟისორობა შესანიშნავად მოახერხეს ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა, ნანკა კალატოზიშვილმა, ია ფარულავამ, ნანუკა ჟორჟოლიანმა… ვარსკვლავმა შორენამ, თანამედროვეობისგან “შექმნილი” ქალი-რეჟისორი მაია ასათიანი საკუთარი “პროფილით” რეიტინგული ვარო, ხშირად გვახსენებს.
მეც მინდა დიდი გოეთეს სიტყვები გავიხსენოთ: “საქციელი სარკეა, რომელშიც თითოეული თავის სახეს გვიჩვენებს”.
საკუთარი და გურულების სახეების საჩვენებლად გამოგზავნა მაიამ “შემოქმედებითი დესპანი” ოზურგეთში.
_ ოზურგეთში როგორ ქალს ეძახიან ბოზს? _ ჰკითხა კორესპონდენტმა გოგონამ გამვლელს (ვითომ შემთხვევით)?!
მოვიშველიებ სულხან-საბას ლექსიკონს: “ბოზი _ მეძავი; ბოზობა ორად განიყოფების: სიძვად და მრუშებად…”
უფრო ღრმა განმარტებაც აქვს ამ სიტყვას და მაინც გკითხავთ, მაია _ დაგაკმაყოფილათ გურულებისეულმა ახსნამ? მაშინ გიხაროდეს: ასეთივე კითხვებით ეწვიეთ იმერეთს და კახეთს, რაჭას და სამეგრელოს… სრულიად საქართველოს (სრულიად?!).
კიდევ მინდა გკითხოთ: მაია! იცით, რა არის სევდა?
ალბათ, ესეც თქვენებურად იცით. “სევდა _ სხვათა ენაა, ქართულად შავი ნაღველი ჰქვია, _ ჯავრით შეწუხებაც”.
მეც და ჩემნაირებიც, ძალიან შევწუხდით! ვინ და რამ შეგვაწუხა?
თქვენ, ალბათ, დიდი ოტიას სიტყვები გაგახსენდათ: “სოფელი საერთოდ აღარავის უნდა, არ იხვნება, არ ითესება.” ჰოდა, იფიქრეთ, ამ უსაქმურ ხალხს გავართობთო და, ენის “მოსაქავებლად” ოზურგეთი აირჩიეთ!
იცით, განსაკუთრებით შავი ნაღველი და ტკივილი რატომ ვიგრძენით? საქილიკოდ მაკვანეთი და ლიხაური რომ შეარჩიეთ!
“სამწუხაროდ, ახლა ისეთი დრო დადგა, რომ უზნეობა ცოდვად აღარ მიაჩნიათ!” _ ბრძანებს ილია მეორე.
თქვენთვისაც არაა უზნეობა, მაია, ცოდვა! ამას თქვენეული “პროფილის” სექსისმიერი ღია დაინტერესებაც ადასტურებს.
გურიაში, თითქმის ყველა სოფელს თავისი სიწმინდე და სიამაყე აქვს. მათ შორის, განსაკუთრებულია ლიხაური და მაკვანეთი.
თქვენ მრავალმხრივ განათლებული ქალი ბრძანდებით და სიმონ ჯანაშიას სახელი გაგონილი გექნებათ! მე დიდი სიმონის შესახებ მაშინ გავიგე, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელს, პირველი სემესტრის დახურვისას, შესანიშნავმა ლექტორმა ნოდარ ასათიანმა მკითხა:
_ საიდან ხართ?
_ მახარაძიდან!
_ აბა, მითხარით, რომელია სიმონ ჯანაშიას სურათი?
არაფერი ვიცოდი. ლექტორმა მატრიკული უნიშნოდ დამიბრუნა და მითხრა:
_ გაეცანით ამ პიროვნების ცხოვრებას.
მაშინვე ბიბლიოთეკას მივაშურე. თურმე, ბატონი სიმონი, ჩემიანზე ჩემიანი ყოფილა _ მაკვანეთელი!
როდესაც “პროფილის დესპანები” თქვენთვის საამო კითხვებს სვამდნენ, მე გაოცებული სიმონ ჯანაშია დავინახე _ თავზე ერის კაცის გვირგვინი ედგა, სახე სევდას _ შავ ნაღველს დაეფარა. თბილისიდან ჩემს მშობლიურ სოფელში იმიტომ ჩამოდით, რომ ასეთ კითხვებზე გაინტერესებდათ პასუხები?
შევცქეროდი დიდ ქართველ მოღვაწეს და ჩვენს მოსავლელ საქართველოზე და ჩვენნაირ მომვლელებზე ვფიქრობდი. ამ დროს ჯოხს დაყრდნობილი ექვთიმე თაყაიშვილი დავინახე _ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი, ის ხომ მაკვანეთის მეზობელ სოფელში _ ლიხაურში დაიბადა!
გამახსენდა, როგორ დაიჩოქა, როგორ ეამბორა დანატრებულ ქართულ მიწას…
დღეს ამ მიწაზე ისეთი ქალ-ვაჟი სტუმრობენ, სექსით და ბოზობით რომ არიან დაინტერესებულნი.
აი, სანამდე დავეშვით, აი, როგორ ვუვლით სიმონის და ექვთიმეს მშობლიურ სოფლებს, საქართველოს.
მაია, ისიც მინდა გითხრათ, რომ ლიხაურში ორი დიდი სიწმიდეა: დედათა და მამათა მონასტრები! ეს იცოდით და მაინც ასეთ სოფლებში მოგინდათ ბილწსიტყვაობა?!
“წესიერება ჯანმრთელობა ერისა!” _ საოცარი შეგონებაა!
რას გვეტყვით _ ვართ ჯანმრთელნი?!
“იმაზე, რაზეც გული შეგტკივა, ყოველთვის თავშეკავებულად და მოკრძალებით უნდა ილაპარაკო!” _ გვირჩევს სიბრძნე.
შევეცადე, ჩავწვდომოდი და გამესიგრძეგანებინა ეს სიბრძნე. შევძელი?! ორთავე შემთხვევისას შენდობას გთხოვთ!
თქვენი გადაცემით ბევრს გვატკინეთ გული! მოაღწევს ეს წერილი თქვენამდე, იგრძნობთ ჩვენს სატკივარს? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გააზრებისთვის, თუ როგორი მოვლა და მომვლელი სჭირდება საქართველოს. თუმცა, ისიც ბევრჯერ გამიგონია, რომ სხვის აზრს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევთ. ესეც მიკვირს, მაია. უფალს აინტერესებდა სხვისი აზრი, თუ რას ფიქრობდა და რას ამბობდა მასზე ხალხი!
ჩვენ ვინ ვართ ისეთი, რომ სხვისი აზრით არ დავინტერესდეთ?
ამიტომ ისევ გავიმეორებ: “წესიერება ჯანმრთელობაა ერისა!”