ოზურგეთის სტადიონის ყოფილმა დირექტორმა მურთაზ აბაშიძემ "გურია ნიუსს" თხოვნით მიმართა: "მოვედი "გურია ნიუსთან" და ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ დამეხმაროთ _ ჩაატაროთ ჟურნალისტური გამოძიება. ყველაზე მეტად თქვენი იმედი მაქვს. ჩემ მიერ უმიზნოდ და უმისამართოდ გაბნეული, ჯერ არც სიტყვა უნახავს ვინმეს და არც _ ერთი თეთრი. სტადიონის წლიური ბიუჯეტი შეადგენდა 70 ათას ლარს. აქედან, 57 ათასამდე ხელფასებს სჭირდებოდა, დანარჩენი _ შუქის, წყლის, მიწის გადასახადისთვის იხარჯებოდა. ოთხი ათას ლარამდე გვრჩებოდა შიდა მოხმარებისთვის. ჩემი ხელფასიდან რამდენი მაქვს დახარჯული, რომ დავთვალოთ, მომცემენ?" _ ამბობს აბაშიძე "გურია ნიუსთან" საუბარში.
ლია ანდღულაძე, ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის მთავარი ბუღალტერი: "ჩვენთვის წლიურად ბიუჯეტიდან განკუთვნილი იყო 70 ათასი ლარი. ეს თანხა, ძირითადად, ხმარდებოდა ხელფასებს (57 ათასი ლარი). 5 600 ლარი კომუნალური მომსახურებისთვის იხარჯებოდა, დანარჩენი კი, ხმარდებოდა მინდვრის საფარის გაპარსვას, შეთეთრებას, შეღებვას. გასულ წელს, 3 ათასი ლარი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამოყო გამგეობამ _ ღობე და რაღაცები გაკეთდა. ფიზიკურად, ეს ფული ჩვენთან არ მოსულა, ტარდებოდა ტენდერი და კეთდებოდა საბუთი მიღება-ჩაბარების აქტით. არც მე და არც ბატონ მურთაზს თანხასთან შეხება არ გვქონია".
მკითხველს შევახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორი მურთაზ აბაშიძე ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა ბეგლარ სიორიძემ თანამდებობიდან რამდენიმე ხნის წინ გაათავისუფლა.
ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მერი: "მურთაზ აბაშიძეს უნდა მიეხედა სტადიონისთვის. მაგ თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და ძირფესვიანად შევისწავლით, თუ რა ხდებოდა სტადიონზე მისი საქმიანობის დროს".
ბატონმა მურთაზმა, კიდევ ერთხელ ითხოვა, დაგვეწყო ჟურნალისტური მოკვლევა, გადაგვეღო სტადიონზე არსებული მდგომარეობის ამსახველი კადრები და საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ფოტომასალა, რადგან, როგორც თავად ამბობს, "ქალაქ ოზურგეთის მერია ცალმხრივად და ცინიკურად საუბრობს სტადიონზე არსებულ მდგომარეობაზე, ავრცელებს კომუნისტების დროინდელი გაჩანაგებული შენობის ფოტოკადრების ნაწილს და არაფერს ამბობს იმაზე, წელიწადნახევარში რა შევძელი და როგორი ვითარება დამხვდა იქ. გადაიღეთ არა ისე ცალმხრივად, როგორც ოზურგეთის მერიამ გააკეთა _ გაპარტახებული სახის წარმოჩენით… და მერე ასეთი სურათები დადეს სოციალურ ქსელში. გთხოვთ, გადაიღოთ მთლიანად, ავიც და კარგიც," _ გვთხოვა აბაშიძემ.
სტადიონის ყოფილმა დირექტორმა, ასევე, მოგვაწოდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია სტადიონი, სანამ იგი დირექტორად დაინიშნებოდა და კადრები, რა გაკეთდა შემდეგ.
მურთაზ აბაშიძე ვეტერანი ფეხბურთელია. მისი სახელობისაა ხარაგაულის საფეხბურთო სტადიონი; აქვს სამხედრო წოდება _ მაიორის ჩინი; არის აფხაზეთის ომის აქტიური მონაწილე, იქ არაერთხელაა დაჭრილი. მან უმძიმესი ცხოვრების გზა განვლო "ნაციონალური" მმართველობის პერიოდში, როგორც თავად ამტკიცებს, საკუთარი აზრის ხმამაღლა და მოურიდებლად გამოთქმის გამო, ხელისუფლებამ დაუყადაღა მცირე ბიზნესი, ბანკის კრედიტ-ოფიცერმა თაღლითურად წაართვა გადახდილი სესხის ნაწილი. აბაშიძემ უზენაეს სასამართლოში ეს საქმეები მოიგო, თუმცა, განაჩენი ჯერაც არ აღსრულებულა.
აბაშიძე ამჯერადაც სასამართლოს გზით აპირებს, დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა და დაბრუნდეს სამსახურში, საიდანაც, როგორც თვითონ მიიჩნევს, მერმა პირადი ინტერესით გაათავისუფლა:
_ 9 სექტემბერს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მივმართე. კიდევ ერთხელ ვიცვამ "რკინის ქალამნებს" და ამ დაქცეულ და უსამართლო ქვეყანაში ვეძებ სამართალს, ვინძლო სტრასბურგამდე! რამ არ გადაიარა ჩემს ზურგზე. ჩემი, როგორც კაცის, პატრიოტის, პიროვნების ფენომენი გახდა სასტიკად მიუღებელი ახალმოსული კლანისთვის, რომლის წარმომადგენელიც გახლავთ ქალაქის მერი. კოჰაბიტაციური, მახინჯი სისტემის მსხვერპლი ვარ, თუმცა, არ შევეწირები! სად იყო ბეგლარ სიორიძე, როცა მე "ქართული ოცნების" მობილურ ჯგუფს ვედექი სათავეში, მისი ფოტო რომ "ჩაამონტაჟეს" ბიძინა ივანიშვილის გვერდით, ვითომ "ოცნება" იყო, მთელმა საქართველომ ნახა. თქვენც ხომ გინახავთ ეს ფოტო? ცხენით რომ გამოგოგმანდა ოზურგეთის თეატრის წინ, ხვალ რომ ისევ ომში წასვლა დამჭირდეს, ახლაც თითქმის საომარი მდგომარეობა რომ არის ქვეყანაში, რას იზამს, გამომყვება? მე ვიცი, "აკოპში" ჩახტება ზოგიერთი…
_ ბატონო მურთაზ, ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ სტადიონზე არაფერი გაკეთებულა, და სოციალურ ქსელში დადეს შესაბამისი ფოტოები. ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ ძირფესვიანად შეისწავლიან ყველაფერს..
_ ქვესკნელიანად შეისწავლოს! და კიდევ, კომუნისტების დროს დანგრეული შენობის ინტერიერი რომ გადაიღეს და მხოლოდ ჩამოფხრეწილ კედლებს აჩვენებენ, ილუზიონისტი ვიყავი, სული შემებერა ერთ წელში და უცებ აღმედგინა? როგორი უნდა იყოს, ეს ყველამ ვიცით! რა დამხვდა და როგორ გავაკეთე, ამ მხრივ უნდა გაკეთდეს შედარება. დიდი სანაგვე ფართობი იყო, როცა მივედი. სათამაშო მინდვრის ნაცვლად, საყანე ფართობივით გადათხრილი იყო, გადაჩიჩქნილი და გაპარტახებული. საკუთარი ხელით აღვადგინე ბალახის საფარი _ სანტიმეტრებში ვასწორებდი. ფეხბურთელთა საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ამორტიზირებული იყო, ქოლგებით ისხდნენ შიგ წვიმის დროს. გადავხურეთ, რაზეც უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა. გამუდმებით ვთხოვდი მაშინდელ გამგებელს, კოტე შარაშენიძეს, დამხმარებოდა გაუბედურებული სტადიონის აღდგენაში, თუმცა, სულ მესმოდა, რომ მეტი საშუალება არ იყო. სახურავახდილი ტუალეტის ამოსაწმენდად სახანძრო მანქანა მივიყვანე იქ და ჩემი ხელით ვეხმარებოდი. იმდენი ნაგავი და ნარჩენი ეყარა, მძიმე ტვირთმზიდი მანქანების მიყვანა დამჭირდა და აღარც მახსოვს, რამდენი გადავზიდეთ. ორი ურიკა მარტო შპრიცები გადავყარე _ ნარკომანების ბუდე იყო იქ. შესასვლელიანად მონგრეული იყო ყველაფერი, აბრაც მე გავაკეთებინე და დავკიდე. ბოსელში იყავი თუ სტადიონზე, ვერ მიხვდებოდი.
_ თუ ასე იყო, როგორ თამაშობდნენ?
_ და ვინ და რას თამაშობდა?! ჯერ ერთი, ეს სათამაშო მინდორია და არა _ სავარჯიშო. სავარჯიშოა ლაშეს და ბოხვაურის სტადიონები.
მე მოგიტანეთ რეალობის ამსახველი ფოტომასალები, რა დამხვდა იქ, რა გავაკეთეთ და გეუბნებით, რის გაკეთებას ვაპირებდი… რამდენჯერ მარტო ვმუშაობდი. იქ დასაქმებულები იყვნენ საარჩევნო ხმებისთვის დანიშნული კადრები, ზოგს "მრჩეველი" ერქვა, ზოგს _ "მთავარი სპეციალისტი". ყველას ვთხოვდი, იპოლიტიკა გადავდოთ გვერდზე, მომეხმარეთ,-მეთქი.. თუმცა, ზოგმა ზევიდან გადმომხედა, ჩვენ აქ მასეთი სამუშაოებისთვის მუშებს ვქირაობდითო.
_ ამჟამად სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვინ არემონტებს "მერცხალის" სტადიონზე მდებარე ფეხბურთელთა საცხოვრებელ კორპუსს?
_ ტენდერი ჩაატარა ოზურგეთის გამგეობამ. ეს მე არ მეხებოდა. თავიდან 24 ათასი ლარის სამუშაოების შესრულებაზე იყო საუბარი, თუმცა, შემდეგ 12 ათას ლარზე დაიყვანეს, რადგან მეტი თანხა არ არისო, თქვეს. ეს მე ვიცი მხოლოდ ინფორმაციის დონეზე. არადა, თუ სველი წერტილი არ იქნება, ისეთი გარემონტებული საცხოვრებელი ვის უნდა? ამბობდნენ, რომ შემდეგ გამონახავდნენ საშუალებას. ამასობაში კი გადიოდა დრო. მალე მერი მოვიდა და გამათავისუფლა აბსოლუტურად უმიზეზოდ..
_ ბატონო მურთაზ, "გურია ნიუსი" იყო ამ სტადიონზე. გაკეთებული ჩანს, თუმცა, მაინც მძიმე მდგომარეობაა იქ…
_ რაც კომუნისტების დროიდან დაინგრა იქ, მე ვერ აღვადგენდი. ამ მხრივ მართლაც მძიმე სურათია. სხვა საქმეა, როგორი უნდა იყოს იქაურობა. ეს მე სიორიძეზე უკეთ ვიცი. მაგრამ როგორი იყო, რა დამახვედრეს და მერე რა ვაკეთე, მე ამაზე ვსაუბრობ ახლა. არაერთხელ დავწერე ოფიციალური წერილი იქ არსებული, დანგრევამდე მისული სპორტული დარბაზის გამო, რომელიც ამორტიზირებულია და არის ერთ დიდი "ხუხულა". გამუდმებით ვითხოვდი, მივხედოთ ამას, რაიმე უბედურება არ მოხდეს, ბავშვები შედიან შიგ,-მეთქი… იქვე არსებული რკინის კონსტრუქციის მოხსნასაც ვითხოვდი _ ტაბლო ისე ჰკიდია ზედ, გეგონება, საცაა თავში დაგეცემა; არც ერთი ურნა არ იდგა სტადიონზე!
ამ ერთ წელზე ცოტა მეტი დროის მანძილზე, მე წუთით არ გავჩერებულვარ უსაქმოდ. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი იქ არ გამოჩენილა… მეტი რა ვთქვა? ხე რომ ხეა, მიწამდე დატანილი ტოტებით იდგა თითოეული! ჩემი ხელით დავსხეპე! რაო, კომუნისტების დროიდან დანგრეული და ნაციონალების დროს გაპარტახებული სტადიონი, წელიწადნახევარში ბაღნარად გექციაო? ჰო, ბეგის მეტი ვინ წამომიყენებდა ასეთ მოთხოვნას?! ვითხოვ, ძირფესვიანად შეისწავლონ ყველაფერი, როგორც მერი ამბობს და იმის დათვლაც არ დაავიწყდეთ, რაც საკუთარი ჯიბიდან დავხარჯე… თუ ამის სურვილი ექნებათ…
_ ბატონო მურთაზ, რის გაკეთება გინდოდათ, რა სამომავლო მიზნები გქონდათ, რის გაკეთებაც ვერ მოასწარით?
_ პირველ რიგში, მომავალი თაობა მაფიქრებდა, რადგან, ხედავთ, ფეხბურთი ნორმალურად აღარ არსებობს. სამი მინისტადიონის გაკეთება მინდოდა. ბავშვებს ქუჩას მოვწყვეტდი, დავასაქმებდი უმუშევარ, ვეტერან ფეხბურთელებს. საამისოდ ელემენტარულ პირობებს ვითხოვდი _ აბანო, მოწესრიგებული ბინა და გასახდელი… თუმცა, სადააო, მეუბნებოდნენ…
ჩვენ ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს, რომელსაც მურთაზ აბაშიძე პირდაპირ ადანაშაულებს უმიზეზოდ, სამსახურიდან პირადი ინტერესით გათავისუფლებაში:
_ ბატონო ბეგლარ, ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის ყოფილმა დირექტორმა მურთაზ აბაშიძემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის ამბობს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეთ და ითხოვს თანამდებობაზე აღდგენას; ამასთანავე, ითხოვს, აღასრულოთ თქვენი სიტყვა და ძირფესვიანად შეისწავლოთ, რა ხდებოდა სტადიონზე მისი ხელმძღვანელობის პერიოდში… როგორია თქვენი თვალსაზრისი აბაშიძის მოთხოვნასთან მიმართებაში? რას აპირებთ?
_ ბატონი მურთაზის ნებაა, მიმართავს სასამართლოს თუ არა. დემოკრატიული მმართველობის პირობებში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მოიქცეს საკუთარი შეხედულებისამებრ. სასამართლომ გადაწყვიტოს, რამდენად კანონიერად თუ უკანონოდ იქნა გათავისუფლებული აბაშიძე დაკავებული თანამდებობიდან.
რაც შეეხება სტადიონზე არსებულ პრობლემებს, პირველ რიგში, ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესწავლილი იქ არსებული მდგომარეობა.
ნებისმიერ დროს მზად ვართ, შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, აბაშიძესთან ერთად, შევისწავლოთ საკითხი, რადგან აღარ გაჩნდეს კითხვები, როგორც მისი, ასევე საზოგადოების მხრიდან.