მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცნობილი განცხადება გააკეთა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, “გურია ნიუსი” ათეულობით სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანს შეხვდა და დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს მოსახლეობა ივანიშვილის ამ ნაბიჯის შესახებ.
გამოკითხვის შედეგებს (აუდიოჩანაწერები თუ წერილის ფორმით მოწოდებული აზრები რედაქციაში ინახება), ძირითადად, უკომენტაროდ ვაწვდით ჩვენს მკითხველს. დავძენთ მხოლოდ ერთს _ გამოკითხულთა უმეტესობა საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს და ძირითადად ერთ შიშნარევ კითხვას სვამს: ხომ არ მოკლავენ ბიძინა ივანიშვილს?
ანზორ დოლიძე, პროფესიით ინჟინერი, პენსიონერი: _ ბედკრული საქართველოს ცის თავანზე ცისკრის ვარსკვლავივით ამობრწყინდა მიზანმიმართული, ღრმაშინაარსიანი, ბრძნული და რაც მთავარია, მამულიშვილური განცხადებით და ასეულ ათასობით დაბეჩავებულ ქართველობას თავი ადამიანად აგრძნობინა, იმედის ნაპერწკალი გაუღვივა და აფიქრებინა _ ბიძინა ივანიშვილო, დიდო ქართველო, შენ შენი განცხადების ერთგული დარჩი და ჩვენ ამ ნაპერწკალს ხანძრად ვაქცევთ! იფრთხილე კი _ მაინც მაწუხებს შიში, არ გაგიმეტონ. გაჩნდა იმედი, რომ ბოლო მოეღოს საქართველოში კაცთმოძულე ალენ დალესის დამაქცევარი დოქტრინის შემდგომ გახორციელებას, მსოფლიოს მართვის სატანურ პროგრამას, ლაბორატორიად ქცეულ საქართველოში ჩატარებულ ცდებზე დაყრდნობით რომ იქმნება. ბიძინა ივანიშვილმა იმედი ჩაუსახა ნამდვილ ქართულ ოპოზიციას და სატკივარი არ მიაკლო ნაციონალურ მოძრაობას, რის გამოც დევნა გამოუცხადეს _ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ კაცს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ხომ გახსოვთ, “დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგიაო”. თუმცა, ისიც მტკიცედ მწამს, ახლა ვეღარ მოსჭრიან უტას მკლავს. უფალს ვთხოვ, დაიცვას ბიძინა ივანიშვილი ავისმქნელთაგან.
ანტონი, 54 წლის: _ ძნელი სათქმელია, რა იქნება. ვნახოთ, ვის შემოიკრებს ირგვლივ. ღმერთმა კაი ყურით უსმინოს.
მარინა, 38 წლის: _ ივანიშვილის განცხადება იყო ტესტი. უნებურად აღსარება ათქმევინა თითოეულ პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ექსპერტს. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ასე დამონებული, ბოლოს და ბოლოს, ამოისუნთქავს. მეშინია, არ მოკლან, თუმცა, თავს ვიიმედებ, რომ ვერ გაბედავენ.
ნინო ლომჯარია, 46 წლის: _ პროფესიით პედაგოგი ვარ, თუმცა არ ვმუშაობ, თორემ თქმას როგორ გავბედავ? ვიტყვი, რომ ილიას კითხვა-ოცნებას: “იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი”, პასუხი გაეცა _ ბიძინა ივანიშვილია ის ყრმა და ახლა ჯერი ქართველებზეა _ ბეწვის ხიდზე ნაცარქექიას გონების გამჭრიახობით უნდა გავიაროთ!
დავითი, 50 წლის: _ სოფლის კაცი ვარ, სოფელზე შეყვარებული. ამ დაგლახებული სოფლის აღორძინებას ვინც “ჩემულობს”, იმ კაცს, ბიძინა ივანიშვილს ვენაცვალე. მისწერეთ, არ მოგკლან, თორემ რევოლუცია მერე ნახონ მაგათმა,-თქო.
პენსიონერები: _ ჩვენ ჭადრების ბაღში ხშირად ვმუსაიფობთ, პოლიტიკას ვარჩევთ. თუ გინდა, გვარებსაც გეტყვით, მარა, იქნება პენსიაც მოგვიხსნან მერე. ჩვენ პური, ასე თუ ისე, არ გვენატრება, მარა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დიდად არ მოგვწონს. რა იქნება მომავალში, ადვილად ვერ გააკეთებ პროგნოზს. ამ სკამს რომ ვეღარ ელევიან მოსვლის შემდეგ, ძალიან ცუდია. სააკაშვილი, ჯობია, წავიდეს და დაისვენოს. კი გააკეთა ბევრი რამ, ადვილი არაა ქვეყნის მართვა. ივანიშვილი რომ გულიანი და იშვიათი ქართველია, მისმა საქმემ დაამტკიცა. ვნახოთ, რას იზამს პოლიტიკაში.
სოფელ ლიხაურში გამოკითხული ახალგაზრდების ჯგუფი: _ ივანიშვილი! სხვა არავინ და არაფერი! ჩვენ ყველა უმუშევრები ვართ. ტელევიზიით გადმოცემულმა ტყუილებმა მოგვკლა. სახელი და გვარი რომ გითხრათ, იქნებ, შარვლის ან “კურტკის” ჯიბეში “პლანი” “აღმოგვიჩინონ”. ხმას ნამდვილად ივანიშვილს მივცემთ!