ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში სათამაშო ბიზნესის თემას შეეხო და ხელისუფლებას ამ მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდა:
_ შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას, – სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია.
ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა. თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან.
კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა…
ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით, და შესაძლებლობისამებრ, დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი, _ წერს პატრიარქი.