ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო რეფორმა გატარდეს, ერთი რამ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება გვაკლია.
დეპუტატის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებას "თავისუფალი დემოკრატები" მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუკი მრავალმანდატიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდება.
"საარჩევნო რეფორმის გატარება შეიძლება ძალიან სწრაფად. ეს ქვეყანას გაცილებით ნაკლები დაუჯდება და არ გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლებამ რაღაც მცდელობები უზრუნველყოს იმისთვის, რომ დახლიჩოს, დაგლიჯოს საქართველო, რათა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შეინარჩუნოს. ხელისუფლებას არა აქვს ნათელი წარმოდგენა, თუ რა რეფორმას ატარებს 2016 წლისთვის, ან თუნდაც 2020 წელს. პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საზოგადოებამ გაერთიანებული შესაძლებლობებით უნდა შევძლოთ ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას იმისთვის, რომ ქვეყანაში ნორმალური პარლამენტი გვყავდეს. ნორმალური პარლამენტი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში ისხდნენ ის ძალები, იმ დოზით, რა დოზითაც მას ამომრჩეველი უჭერს მხარს", _ აცხადებს ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის მრავალმანდატანი პროპორციული სისტემით შეცვალს ითვალისწინებს, თუმცა მმართველი გუნდი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2016 წლის არჩევნების შემდეგ გეგმავს. მანამდე კი დაგეგმილია ამომრჩეველთა ხმების გამოთანაბრების პრინციპით, რიგი ოლქების დაყოფა ან რამდენიმე ოლქის გაერთიანება.
ეს ცვლილება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის მაისში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოლქებში ამომრჩეველთა ხმების თანაბრობა დაცული უნდა იყოს, რასაც მოქმედი კოდექსი ვერ არეგულირებდა.
ამავე თემაზე:
რა ცვლილებების შეტანას გეგმავს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში
როგორ გადანაწილდება ამომრჩეველთა ხმები ოლქებში თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში – ოპოზიციის მოთხოვნა და ხელისუფლების პასუხი