სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის თქმით, უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ სამარცხვინო ნაბიჯით დაიწყო მან თავისი გადაწყვეტილებით, რუსთავი2 დახურა".
ამის შესახებ ნიკა გვარამია ამ წუთებში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.
"ის რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში ვიყენებდით. ტელევიზია არის კონსიგნაციური ბიზნესი, ის როდესაც ყიდის თავის სარეკლამო დროს რამდენიმე თვის შემდეგ აქვს შემოსავლები. ამ რამდენიმეთვიანი პაუზის და ფინანსური რესურსების ამოსავსებად მნიშვნელოვანია საბანკო მოსახურება. ბუნებრივია, ჩვენ ოვერდრაფტების მეშვეობით ვფარავდით ხელფასებს, როცა ჩვენი ფინანსური სახსრების მოძრაობა შეფერხებული იყო სეზონურობის გამო. მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა და წაქეზებულმა პერსონაჟმა ქიბარ ხალვაშმა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს გზა ჩაგვკეტვოდა და ამოგვაგდეს ჯანსაღი კონკურენციიდან.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ქიბარ ხალვაში თავისი საკუთრებისთვის იბრძვის, დღეს ხელისუფლებამ თავისი სამარცხვინო ნაბიჯით ყველა ეს ეჭვი გაფანტა. დღეს ხელისუფლებამ მოგვიჭრა ერთადერთი გზა მაშინ, როდესაც რთული პერიოდები გვიდგას. ეს არის ინვესტიციების მოზიდვის გზა. ჩვენ მოვიზიდეთ 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ამას ვამბობ ხაზგასმით და ვაპირებთ ხელშეკრულების გამოქვეყნებას. დიახ, მოვიზიდეთ ინვესტიცია დავით კეზერაშვილის ნათესავისგან. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. მოვიზიდეთ ის ინვესტორი, რომელიც წამოვიდა ჩვენ პირობებზე არ ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში და ბე ეყიდა საკმაოდ მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფი და დაბალი ლიკვიდურობის ქონება. ეს არის წილი "რუსთავი2"-ში. "რუსთავი 2"-ის წილის გასხვისება არ შეიძლება, შესაძლებელი იყო მხოლოდ "რუსთავი 2"-ის მფლობელი კომპანიის შპს "საქართველოს" წილების გასხვისება და ეს მოხდა კანონის სრული მოთხოვნების დაცვით. ამის შედეგად "რუსთავი 2" მიიღებდა 6 მილიონიან ინვესტიციას, რომელიც არ იქნებოდა არც მისი ვალი, არც მისი პასუხისმგებლობა. იმ ვითარებაშიც კი, თუ ქიბარ ხალვაში მოიგებდა სასამართლოს, იგი წაიღებდა "რუსთავი2"-ს, ოღონდ კიდევ უფრო მეტი, 6 მილიონი დოლარით გაზრდილი აქტივით", _ განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, საჯარო რეესტმა ორი დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირა ეს ტრანზაქცია, არადა ვალდებული იყო იმ დღესვე დაემთავრებინა რეგისტრაციის პროცესი.
"2 დღის განმავლობაში, როგორც ჩანს ვერ მოხერხდა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმება. მინისტრი წულუკიანი არ იყო საქართველოში, თუმცა მის გასაგონად ვამბობ, რომ მას ეს პასუხისმგებლობას არ ხსნის. იგი ისევეა ჩარეული ამ ყველაფერში, როგორც ივანიშვილი და აუცილებლად აგებს პასუხს მისი უწყების ამ უკანონო გადაწყვეტილებაზე", _ განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას ბრიფინგი ამ წუთებშიც გრძელდება.