(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასულ კვირის სამშაბათს, 14 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადამიანებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ი. კვაჭანტირაძე დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ფანარს და ცივ იარაღს იყენებდა. მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი მოქმედებდა გვიან ღამით, თავდასხმისთვის შერჩეული ჰქონდა ნაკლებად დასახლებული და მივარდნილი ადგილები, რის შემდეგაც ბასრი საგნის გამოყენებით, მსხვერპლს ესხმოდა თავს და გულმკერდის არეში შემავალ ჭრილობას აყენებდა.
ამავე სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულს საცხოვრებელი სახლის უკან მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, საიდანაც ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე, 236-ე და 238-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ფსიქიატრული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
Developed By My Software 2021 © All rights reserved