2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" დაფინანსება იზრდება. 2015 წელს კლუბის დაფინანსება 366.9 ათასი ლარი იყო, ხოლო ახალი წლიდან კი, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 427,5 ათასი ლარი იქნება. წელს კლუბი "მერცხალი" პირველ ლიგაში 11 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. მიუხედავად ამ შედეგებისა, კლუბში ამბობენ, ეს ყველაფერი გამოსწორებადია და მომავალ წელს უფრო კარგი შედეგებით გაახარებენ თავიანთ გულშემატკივრებს.
კლუბ "მერცხალის" დირექტორი, მამუკა გოგუაძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ, ვინც ფიქრობს, არ უნდა იზრდებოდეს ფეხბურთის დაფინანსება, ფეხბურთთან არ აქვს კავშირი.
"ფეხბურთში გუნდს, თუნდაც არ ჰქონდეს კარგი შედეგი, მაინც ჭირდება დაფინანსება. ფეხბურთელს უნდა ბუცი, კვება, ტრანსპორტირება, ფორმა-ინვეტარი. ეს აუცილებელია და ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ლიგაში ხარ, ეს არის აუცილებელი პირობა. ახლა, რაც შეეხება დაფინანსებას სტადიონი და კლუბი სხვადასხვა ა.(ა).ი.პ იყო და ახლა შეერთდა და ის თანხა, რომელიც სტადიონის დაფინანსებაში იყო გადავიდა კლუბთან. გაიზარდა სულ 70 000 ათასი ლარით მთელი ბიუჯეტი. როდესაც ლანჩხუთის "გურია" წელიწადში ხარჯავს 1 700 000 ლარს და ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა სულ რაღაც 70 000 ლარი, ეს არის სალაპარაკო? ამ თანხით ფინანსდება ბავშვთა ფეხბურთი და "მერცხალის" ორი გუნდი, ასევე ბიუჯეტის თანხაში შედის ადმინისტრაციის ხარჯები", _ გვითხრა მამუკა გოგუაძემ.
რამ განაპირობა "მერცხალის" ის მარცხი, რომელიც ზედიზედ რამდენჯერმე განიცადა კლუბმა, არის თუ არა ეს დამოკიდებული ბოლო დროს მთავარი მწვრთნელის რამდენჯერმე ცვლილებაზე? _ გოგუაძემ ამ კითხვაზე ასეთი კომენტარი გააკეთა.
"ამ კითხვაზე რა უნდა გიპასუხოთ? ხარიტონ ჩხატარაშვილი წავიდა და მოვიდა ათუაშვილი და თქვენ მეკითხებით, რატომ წააგო ათუაშვილის პირობებში გუნდმა? მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება, ფეხბურთელები მორალურად გატეხილები არიან, ეს განაპირობა მსაჯების არაკვალიფიციურმა მსაჯობამ. პირდაპირ ვადებ ხელს მსაჯების კორპუსს", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მამუკა გოგუაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ნადირიძე ამბობს, რომ საფეხბურთო კლუბები ადგილობრივი ბიუჯეტით არ უნდა ფინანსდებოდეს.
_ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საფეხბურთო კლუბები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდებოდეს. კარგი იქნება, ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მოიფიქრებენ გამოსავალს და მოიძიებენ ინვესტიციას. საფეხბურთო კლუბები უნდა არსებობდეს, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯზე არა. მივესალმები თუ კლუბებით ბიზნესმენები და კერძო სექტორი თუ დაინტერესდება. ამის შემდეგ კი შესაძლებელია ბიუჯეტიდან მცირე პროექტების დაფინანსებაზე გამოიყოს თანხა. ეს არის ჩემი მოსაზრება და ასე ვფიქრობ საფეხბურთო კლუბების დაფინანსებაზე, _ გვითხრა თამარ ნადირიძემ.
ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძეს ამბობს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კლუბის დაფინანსება: "ყველას შეუძლია მობრძანდეს და უფრო ღრმად გაეცნოს ”მერცხალის” პრობლემას. დღეს, რაც ჩვენს ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება (2016-ში დაგეგმილია გაცილებით მეტი) და მაინც უაზრო ქილიკს არაფერი ურჩევნია ვიღაცას და ფიქრობს, რომ ფეხბურთს არ უნდა ჰქონდეს ეს ბიუჯეტი, ძალიან სცდება. ეს არ გახლავთ მხოლოდ ”მერცხალის” ბიუჯეტი, ეს არის სამი გუნდის ბიუჯეტი ბავშვთა ფეხბურთის ჩათვლით. ”მერცხალი” იქნება პირველ ლიგაში აუცილებლად და თუ ვინმე თვლის, რომ ოზურგეთს პირველ ლიგაში გუნდი არ უნდა ჰყავდეს, ეს ოზურგეთელებმა გადაწყვიტონ. გულწრფელად მივმართავ ყველას (არა მხოლოდ მერცხალთან დაკავშირებით), თუკი ნამდვილად გული შეგტკივათ ჩვენს ქალაქზე, მობრძანდით და თქვენი ნებისმიერი, მისაღები აზრი გათვალისწინებული იქნება. შორიდან ყველა პრობლემის მოგვარება ადვილად ეჩვენება ადამიანს", _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved