დასრულდა განაცხადების მიღება საოლქო საარჩევნო კომისიების წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე. ამ ეტაპზე ცნობილია, ოზურგეთის №60 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა სია. ელგუჯა ჩხატარაშვილი, ალექსანდრე ღლონტი, კახა არობელიძე, ზვიად თენიეშვილი, ლევან ნიკოლაშვილი, ნინო გიგინეიშვილი, მათე სკამკოჩაშვილი და თეიმურაზ კაჭარავა. აქედან ცეესკო სამ ადამიანს შეარჩევს, რომელთაგან მოხდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოლქოს თავმჯდომარეობა ორ კანდიდატს სურს – ზვიად თენიეშვილს და ელგუჯა ჩხატარაშვილს.
სატელეფონო საუბრის დროს ელგუჯა ჩხატარაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
"თავმჯდომარეობას ვაპირებ? ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. კონკურსი იყო გამოცხადებული ცესკოს მიერ და განცხადება მაქვს შეტანილი. თავმჯდომარე ვიქნები თუ მოადგილე, ეს არ ვიცი." – გვითხრა ჩხატარაშვილმა.
ზვიად თენიეშვილის თქმით, ჯერ არ არის ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო.
"ვადასტურებ რომ განცხადება მაქვს შეტანილი ცესკოში. ჯერ ცესკოს არ შეურჩევია სამი კანდიდატი და აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. ცესკოს მიერ წევრების შერჩევის შემდეგ საოლქოში ჩატარდება კრება და თავმჯდომარის, მისი მოადგილის და მდივნის არჩევა მოხდება."_ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ზვიად თენიეშვილმა.