გასულ ორშაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იანვრის დასაწყისში მოსულ თოვლზე და სამი დღის განმავლობაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს.
სხდომას, რომლის მოწვევის ინიციატორი კომისიის თავმჯდომარე დავით შარაშიძე იყო, ჩოხატაურის ავტოსერვისცენტრის ხელმძღვანელი ერეკლე მრელაშვილი, კომუნალური სამსახურის უფროსი მერაბ დოლიძე და რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდნენ.
ერეკლე მრელაშვილის მტკიცებით, 3-დან 7 იანვრის ჩათვლით, ჩოხატაურში გზები გაწმენდილი იყო, განსაკუთრებით კი დაბის ქუჩები. ამ მეტად საეჭვო მოსაზრებას დაბის გამგებელი გოჩა ჯინჭარაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დიმიტრი კორიფაძე დაეთანხმნენ. უფრო მეტიც, როგორც სხდომაზე ითქვა, ოპოზიციონერი კორიფაძისთვის "გურია ნიუსის" მიერ გამოქვეყნებული მასალები და ფოტოები სარწმუნო არ იყო.
_ სად, რა ადგილზე არ იყო დაბაში გზები გაწმენდილი? _ "გურია ნიუსს" ეკითხებოდა გოჩა ჯინჭარაძე, მიუხედავად იმისა, რომ 4 და 5 იანვარს დაბაში შექმნილი პრობლემა ყველა ჩოხატაურელისთვის ნაცნობი იყო _ გაუწმენდავი გზები, დაკეტილი მაღაზიები და პურისა და სანთლის დეფიციტი _ ეს ის რეალობა იყო, რომელიც ჩვენ ფირებზე ავსახეთ, ვებგვერდსა და გაზეთშიც გამოვაქვეყნეთ, მასალები კი სხდომაზეც მივიტანეთ.
თუმცა, მრელაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად მაინც ამტკიცებდა, რომ გზები გაწმენდილი იყო:
_ ვიზუალურად არ იყო გაწმენდილი, _ აღნიშნა მრელაშვილმა, თუმცა, კითხვაზე, რას ნიშნავს "ვიზუალურად გაუწმენდავი გზა" პასუხი ვერ მივიღეთ.
ერთადერთი ადამიანი, ვინც შექმნილი პრობლემები უგზოობას დაუკავშირა, კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი იყო _ მერაბ დოლიძემ სხდომაზე დაადასტურა, რომ ნაგვის გატანა მხოლოდ იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ ურნებთან მისასვლელი გზები გაუწმენდავი იყო: _ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს კარგი ტექნიკა და თოვლში ვერ იმოძრავა, _ აღნიშნა დოლიძემ.
სხდომაზე მყოფი სოფელ ბუკისციხის მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან სიხარულიძე ამტკიცებდა, რომ 5 იანვარს სოფელ იანეულში გზა გაწმენდილი იყო, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, თავად სიხარულიძე სოფელში არ ასულა _ "უბრალოდ იცოდა", რომ გზა გაიწმინდა(?!).
სხდომაზე ისიც გაირკვა, რომ გზების გაუწმენდაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრაქტორის მძღოლის ადგილზე არ ყოფნა იყო: _ 5 იანვარს რამდენიმე საათით არ იყო გრეიდერის მძღოლი ადგილზე და შეფერხება ამან გამოიწვია, _ აღნიშნა მრელაშვილმა და დასძინა, რომ "შემცვლელის ძებნა მისი მოვალეობა სულაც არ არის".
არადა, ჩოხატაურის გზების გაწმენდა სწორედ რომ "ჩოხატაურის ავტოსერვისცენტრის" მოვალეობაა, რადგან ტენდერში სწორედ აღნიშნულმა შპს-მ გაიმარჯვა.
_ ის, რაც "გურია ნიუსში" დაიწერა და ვებგვერდზე ქვეყნდებოდა, მე საკუთარი თვალით ვნახე. პრობლემები იყო და ამ შეკრების მიზანიც ისაა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. არავინ ამბობს, რომ "ავტოსერვისცენტრი" არ მუშაობდა. საქმე იმაშია, რომ გზები კარგად ვერ გაიწმინდა და ხალხს ამ შემთხვევაში მიზეზები სულ არ აინტერესებს. მთავარი შედეგია, რომელიც იანვრის დასაწყისში ძალიან ცუდი იყო, _ აღნიშნა დავით შარაშიძემ.
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელი ირაკლი ახობაძე დაინტერესდა, რატომ წმენდდა ჩოხატაურის ტექნიკა იმ გზებს, რომლის გაწმენდის მოვალეობაც შპს "გზამშენ 18"-ს აქვს: _ ეს არის საბიუჯეტო თანხების ორმაგი ხარჯვა. სახელმწიფო მნიშვნელობის გზის გაწმენდა "გზამშენი 18"-ის მოვალეობაა და ის ამაში ფულს იღებს. ამ დროს კი მათ მაგივრად გზებს ჩვენ ვწმენდთ და ბიუჯეტის თანხებს ვხარჯავთ, _ თქვა ახობაძემ.
მრელაშვილის თქმით, ამის გარკვევა მის მოვალეობაში არ შედის და იმის გამო, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შექმნოდა, გზა ყველგან გაიწმინდა: _ რწმუნებულები, დეპუტატები ისხდნენ ტრაქტორებზე და ისე იწმინდებოდა გზები. არ ვამბობთ, რომ შეფერხებები არ იყო. თქვენ ფიქრობთ, მე მომწონდა ასეთი სახით გაწმენდილი გზები? თუმცა, ჩემთვის ეს პირველი დიდთოვლობა იყო და ბევრი რამის საჭიროება დავინახეთ, _ აღნიშნა მრელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იანვრის პირველ დღეებში მოსულ თოვლთან გასამკლავებლად 2.5 ტონა საწვავი დაიხარჯა: _ თითოეული თეთრი მიზნობრივად არის დახარჯული და მზად ვარ, ნებისმიერ დროს წავრდგე ანგარიშით საკრებულოს წინაშე, _ თქვა მრელაშვილმა.