"გურია ნიუსის" ოფისებს, დახმარების სათხოვნელად, უამრავი ადამიანი სტუმრობს ან უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მცხოვრები, 82 წლის ჟუჟუნა ცენტერაძეა. იგი მარტოხელაა. ქალბატონ ჟუჟუნას ორი თვის განმავლობაში შვილიც გარდაეცვალა და მეუღლეც. მას გადაადგილება უჭირს. ის ჩვენ ახლობლის საშუალებით დაგვიკავშირდა და გვთხოვა, მასთან მივსულიყავით.
82 წლის ქალბატონი სოციალურ დახმარებას ითხოვს: "82 წლის ქალი უპატრონოდ ვარ. 2011 წელს გამიხდა ქმარი ავად და იმის მოსავლელად ჩამოვიდა ჩემი შვილი თბილისიდან. ორ თვეში ქმარიც მომიკვდა და შვილიც. ჩემი პენსია არაფერში არ მყოფნის _ 65 ლარის წამალი ახლა ვიყიდე. გაჭირვებული ვარ, თუკი ვინმე მომეხმარება, მეტი მადლი არ უნდა".
როგორც ქალბატონი ჟუჟუნა ამბობს, მეუღლის გარდაცვალებამდე სოციალურ დახმარებას იღებდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რამდენჯერმე დაწერა განცხადება დახმარების მიღების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ:
_ 2011 წელს გვქონდა სოციალური დახმარება _ 30 ლარი მე და 55 ლარი ჩემს ქმარს და ამით ვირჩენდით თავს. მერე ქმარი დაიმტვრა და შევუთვალე ჩემს შვილს _ მოდი, მომეხმარე-მეთქი და შვილი უფრო ადრე მომიკვდა აქ. ორ თვეში ქმარიც გარდამეცვალა და ის დახმარებაც მომიხსნეს. ქმარ-შვილი დავკარგე და დახმარება მომიხსნეს. ამის შემდეგ ყველა წელიწადს ვწერდი განცხადებას, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. რომ მოვიდა ჩემთან სოციალური აგენტი, მითხრა, შენ მაინც არ მოგცემენ დახმარებასო. რატომ,-მეთქი, _ ვკითხე და _ მიწა გაქვსო. მიწა კი მაქვს, მაგრამ ვერ ვამუშავებ. მიწა წაიღონ და მე მაცოცხლონ ერთი-ორი წელი.
_ წელს თუ ითხოვეთ დახმარება?
_ კი, ახლა დავწერე განცხადება, იანვარში. დავწერე, მაგრამ იმედი არ მაქვს, არ მომეხმარებიან.
მარტოხელა ქალბატონი, რომელსაც გადაადგილება უჭირს, ამბობს, რომ წამლის და წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავს, გარდა მცირეწლოვანი მეზობლისა, რომელიც გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, ხშირად სტუმრობს მოხუცს.
_ არავინ მყავს აქ, რომ მომხედოს. ერთი შვილი მყავდა და ისიც დამეღუპა. რძალი და შვილიშვილი კი მყავს, თბილისში ცხოვრობენ. რძალი უმაღლესი განათლებითაა, მაგრამ დამლაგებლად მუშაობს. თავს ვერ ირჩენს და მე როგორ უნდა მომეხმაროს? გადაადგილება არ შემიძლია. აქედან ჭამდე ვერ მივალ, რომ წყალი მოვიტანო და დავლიო. იმისთანა არავინ მყავს, წამალი მომიტანოს. ეს ბავშვია ჩემი პატრონი. მოდის საღამოობით და შემოაქვს შეშა, წყალი. ძალიან მეხმარება. მეზობლებიც მეხმარებიან, მაგრამ შეშას უფასოდ ვინ მომიტანს?! ამ ზამთრის შეშა ნისიად მოვიტანე. ახლა მთხოვს ფულს, თვითონაც გაჭირვებულია და რა ქნას?! მე კი არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ნამუშევრის საფასური გადავუხადო.
ჟუჟუნა ცენტერაძე ამბობს, რომ ერთჯერადი დახმარებისთვის ერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას და დახმარებაც მიიღო:
_ ერთჯერადი დახმარებისთვის მივმართე ადრე ერთხელ და დამეხმარნენ. მარა ახლა შემრცხვა და ვეღარ დავწერე განცხადება. რომ დამეწერა, იქნებ, დამხმარებოდნენ. დეკემბრის ბოლოს მივიტანე განცხადება და მითხრეს, ლიმიტი ახლა ამოწურულია და იანვრიდან ვნახოთო. მერე მომერიდა, ან ერთჯერადი დახმარება მაინც რას მიზამს, როცა თვეში 65-70 ლარის წამალი მაინც მჭირდება?! იმაზე მეტი გასაჭირი არ არსებობს, მე რომ მაქვს. თუკი ვინმე დამეხმარება, მადლობელი ვიქნები, თორემ, რა ძალა მაქვს _ მოვკვდები ასე უპატრონოდ!
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით ვასაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჟუჟუნა ცენტერაძეს მისთვის არ მიუმართავს:
"ქალბატონ ჟუჟუნას ჩემთვის დახმარების თხოვნით არასოდეს მოუმართავს. მოვინახულებ, გავეცნობი მის პრობლემებს და აუცილებლად დავეხმარები. შუამდგომლობით მივმართავ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, როგორც ერთჯერადი, ასევე, სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე", _ გვითხრა დავით ვასაძემ.