იანვარში უკვე მეორედ, გურიაში დიდთოვლობამ ბევრი პრობლემა შექმნა. ელექტროეენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, გზებზე შეფერხებული მოძრაობა, პარალიზებული სკოლები _ ასეთი იყო გურიის რეალური სურათი გასულ სამშაბათს.
აღსანიშნავია, რომ წინა დიდთოვლობისგან განსხვავებით, ახლანდელს ხელისუფლება გაცილებით მომზადებული შეხვდა. განსაკუთრებით ჩოხატაურში, სადაც დანარჩენი მუნიციპალიტეტების მსგავსად, საგანგებო შტაბი იყო შექმნილი და "ცხელი ხაზიც" მოქმედებდა.
_ აი, რას ნიშნავს მედია და მისი ძალა. ასე კარგად დაბის ქუჩები ჯერ არ გაუწმენდავთ. თურმე, შესაძლებელი ყოფილა გზების წესიერად გაწმენდა და პრობლემების თავიდან აცილება, _ აღნიშნავდნენ ჩოხატაურელები.
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს თითქმის 24-საათიან რეჟიმში იწმინდებოდა გზები მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში. ქალაქ ოზურგეთში გზებზე მარილი დაყარეს, რამაც მძღოლებს 27 იანვარს გადაადგილება გაუადვილა; მარილი დაიყარა ცენტრალურ გზებზეც.
ყველაზე ბევრი პრობლემა ლანჩხუთში იყო _ 26 იანვარს, დღის პირველ ნახევარში, ქალაქის გაწმენდაც კი არ იყო დასრულებული, რაც მოსახლეობის პროტესტს იწვევდა.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ტექნიკა თითქმის ყველა მიმართულებით მუშაობდა და მათთვის მთავარი პრიორიტეტი სასიცოცხლო ობიექტები იყო, რომელთან მისასვლელ გზებზე პრობლემა არ შექმნილა.
პრობლემები იყო აცანა-მამათის და სოფელ ნინოშვილის გზებზე, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობისაა. სახელმწიფო მნიშვნელობის გზის გაუწმენდაობამ სამშაბათს პრობლემები ჩოხატაურის ხელისუფლებსაც შეუქმნა _ თითქმის მთელი დღე მოძრაობა არ იყო სამება-ვანზომლეთის მიმართულებით.
_ აღარ ვიცით, ვის მივმართოთ. 1 მეტრზე მეტი თოვლია, გზა არ არის _ პურის საყიდლად ვერ გამოდის ხალხი. იქნებ, დაგვეხმაროთ და ხელისუფლებას მიაწვდინოთ ხმა, _ ასეთი თხოვნით ვან-ზომლეთში და სამებაში მცხოვრები არა ერთი ადამიანი დაუკავშირდა "გურია ნიუსს".
აღნიშნული გზა ცენტრალური მაგისტრალია და მისი გაწმენდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიის შპს "გზამშენი 18"-ის ვალდებულებაა. არამარტო ეს გზა _ აღნიშნული კომპანიის ვალდებულება ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის გზის მოვლა-შენახვა და პატრონობაა, რაშიც, ბუნებრივია, რომ გაწმენდაც შედის და მარილის დაყრაც. უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული პრობლემა წინა უამინდობის დროსაც შეიქმნა და სწორედ იმ გზებზე, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობისაა.
"გზამშენი 18"-ის ხელმძღვანელი თემურ ჯახვა "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ სტიქიის დროს შეფერხებები ყოველთვის ხდება:
_ მომზადებულები როგორ არ ვიყავით, თუმცა, ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. სტიქიის დროს, მაშინ, როცა 1 მეტრი თოვლია, ხდება შეფერხებები. ჩვენი ტრაქტორები 24 საათის განმავლობაში წმენდნენ გზებს. უნდა ვთქვა, რომ გაწმენდას ხელს ქარბუქიც უშლის, _ გვითხრა ჯახვამ.
სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, გურიაში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი პრემიერის დავალებით ჩამოვიდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ:
_ მთელი ღამის განმავლობაში 25 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. 15 ერთეული დილით დაემატა. ახლა ველოდებით დამატებით ტექნიკას იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან, _ აღნიშნა სამშაბათს ჩვენთან საუბრისას ამაშუკელმა, რომელიც ვარაუდობდა, რომ დღის ბოლოსთვის ყველა ძირითად გზაზე სამუშაოები დასრულებული იქნებოდა.
ამაშუკელის პროგნოზი მეტ-ნაკლებად გამართლდა, რადგან რამდენიმე სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე პრობლემები სამშაბათს საღამომდე დარჩა:
_ ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დრომდე შეჩერებულია მოძრაობა. მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა. თქვენთან სტატია რომ იწერება, რეაგირება მოჰყვება ყოველთვის. წინა თოვლობაზეც ასე იყო და ახლაც დაგვეხმარეთ, _ ამ თხოვნით დაუკავშირდნენ "გურია ნიუსს" მგზავრები, რომლებიც გზების გაწმენდის მოლოდინში ქუჩაში საათობით იდგნენ.
როგორც გავარკვიეთ, პრობლემა აჭარის ტერიტორიაზე იყო, რადგან ოზურგეთი-ქაქუთის მიმართულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცენტრალური გზა სრულად იყო გაწმენდილი.
"გურია ნიუსმა" საქმის კურში გიორგი ამაშუკელიც ჩააყენა, რომლის თქმით, დამატებითი ტექნიკა აჭარაშიც იყო გაგზავნილი და ოზურგეთი-ბათუმის მიმართულების ცენტრალური გზა ღამით სრულად გაიწმინდებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია "გურია ნიუსმა" ადგილობრივებთან გვიან ღამით გადაამოწმა და როგორც გვითხრეს, სამშაბათს, ღამით, გზაზე მოძრაობა ჩვეულებრივად აღდგა.
მიუხედავად დამაიმედებელი პროგნოზისა, ოთხშაბათს, გამთენიისას თოვლი ისევ წამოვიდა, თუმცა, დამატებითი ტექნიკის დახმარებით გზები გაიწმინდა. ეს დამატებითი ტექნიკა, კი სამშაბათს, დღის ბოლოსთვის შემოვიდა რეგიონში.
რატომ არ მოემზადა ხელისუფლება დიდთოვლობისთვის, რატომ შემოიყვანეს დამატებითი ტექნიკა მას შემდეგ, რაც თოვლმა ერთ მეტრს მიაღწია და ბევრ ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერდა _ ამის გარკვევა "გურია ნიუსმა" გიორგი ამაშუკელთან სცადა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, "საზამთრო მობილიზება გაკეთებული იყო":
_ მობილიზება რომ იყო, მოწმობს ის ფაქტი, რომ ყველა საყრდენ პუნქტზე არის ტექნიკისა და მარილის მარაგი და შესაბამისი სამუშაოები დაიწყო დაუყონებლივ. რაც შეეხება დამატებითი სიმძლავრეების მობილიზებას, ეს საჭირო გახდა იმიტომ, რომ ნორმაზე მეტი ნალექი მოვიდა ორი დღის განმავლობაში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ამაშუკელმა.
ოთხშაბათს, ჩოხატაურში, 1700 აბონენტი რამდენიმე საათის განმავლობაში ბუნებრივი აირის გარეშე იყო დარჩენილი: "თქვენ მაინც დაგვეხმარეთ _ გააგებინეთ ხელისუფლებას, რომ ვიყინებით! აღარ ვიცით ვის მივმართოთ და რა უნდა ვქნათ! ყინვაში გათბობის გარეშე დაგვტოვეს", _ ამ შინაარსის კომენტარებით "გურია ნიუსს" ათობით მკითხველი უკავშირდება.
გაზის მიწოდება ჩოხატაურს გუშინ, დღის მეორე ნახევარში აღუდგა. როგორც ჩვენთან საუბრისას "სოკარ გაზის" ჩოხატაურის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, გათიშვა გაყინვის გამო მილის დაზიანებამ გამოიწვია.