გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული, ხოლო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი 28 იანვარს ამომრჩევლებისთვის 08:00 საათზე გაიხსნა, ხოლო კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე – results.cec.gov.ge.
როგორც გუშინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენები, ასევე, ორენოვანი ბიულეტენები აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, სპეციალური კონვერტები და გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის.
"არჩევნები გარდაბნის საარჩევნო ოლქში 64 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 71, 847-ს შეადგენს; კენჭისყრის პროცესს დააკვირდება 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაცია "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" (IFES) 8 დამკვირვებელი. რაც შეეხება მედიას, ცესკოში აკრედიტაცია თერთმეტმა მედია ორგანიზაციამ გაიარა და არჩევნებს, მათი 166 წარმომადგენელი გააშუქებს", – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 28 იანვარს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღეს, 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
28 იანვარს დილის 7:00 სთ-დან ღამის 12:00 სთ-მდე იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ ცესკოს მიაწოდონ ან მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.