ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის მოსახლეობა მეორე დღეა დახმარებას ითხოვს.
"გურია ნიუსის" ცხელ ხაზზე თხინვალის მოსახლეობა აქტიურად რეკავს და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებას ითხოვს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, თხინვალში, კვაჭანტირაძეების უბანი ამ დრომდე არ გაუწმენდიათ.
"გუშინაც გესაუბრეთ და დახმარება გთხოვეთ. ელექტროენერგიის პრობლემა დროულად მოგვარდა. გზის პრობლემა კი ისევ რჩება. იქნებ დაგვეხმაროთ. პარლამენტში ჩვენი დეპუტატი კვაჭანტირაძეა და სწორედ კვაჭანტირაძეების უბანია გასაწმენდი", _ ამბობენ თხინვალელები.
აღსანიშნავია ისიც, რომ თხინვალში ერთი გარდაცვლილიცაა, რომლის დასაფლავებასაც ადგილობრივები დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ.
როგორც "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ უთხრა: სოფელ კონჭკათიდან მოდის ტრაქტორი და დღეს თხინვალის ტერიტორიის გაწმენდასაც შეძლებს.
ჭანუყვაძის თქმით, ის ამ წუთებში სოფელ შრომაში იმყოფება და გზას გაწმენდის სამუშაოებს თვალყურს პირადად ადევნებს.
ამავე თემაზე:
„სოფელში მიცვალებული გვყავს და ვერ ვასაფლავებთ“ – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს