საფრანგეთის ეროვნული გუნდისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი, 49 წლის ერიკ კანტონა მორიგი სკანდალის გმირი გახდა.
ცოტა ხნის წინ ლონდონის პოლიციამ ქარიზმატული ვარსკვლავი ხულიგნობის ფაქტზე დააკავა.
საქმე ისაა, რომ კანტონას მავან ქალბატონთან სასიყვარული პაემანი ჰქონდა, რა დროსაც მას უცხო მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდა. სავარაუდოდ, კანტონას ის პაპარაცი ეგონა და ჩხუბით გადაწყვიტა მისი მოშორება, თუმცა, ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ ფეხბურთელი ცნო დამნაშავედ.
კანტონა ცნობილია ფეთქებადი ხასიათით. მაგალითად, 1995 წელს იგი სტადიონზე თავს დაესხა "კრისტალ პალასის" ქომაგს, რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებდა ტრიბუნიდან. ამის გამო კანტონას 8 თვით აეკრძალა ფეხბურთის თამაში, ხოლო ფეხბურთის ასოციაციამ და კლუბმა ის მნიშვნელოვანი ფულადი ჯარიმით დასაჯა.