"უმაღლესი ლიგის კლუბებს გააჩნიათ ვალდებულება სფფ-სთან შეათანხმონ ინფორმაცია საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების შესახებ" _ აცხადებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
სფფ განმარტავს, რომ "ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სფფ ფაქტის გამოვლენის შემდეგ იმოქმედებს სფფ-ს, უეფასა და ფიფას დებულებების შესაბამისად, რომლის დაცვა წარმოადგენს ვალდებულებას სფფ-ს ნებისმიერი სუბიექტისთვის".
ეს განცხადება ფეხბურთის ფედერაციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე უმაღლესი ლიგის გუნდი "ზუგდიდი" 5 თებერვალს, ანტალიაში, ამხანაგურ შეხვედრაზე კოსოვოს გუნდს "ფერონიკელს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კოსოვოს გუნდის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. თემაზე ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი "ზუგდიდის" ხელმძღვანელობას.
შეჰახსენებთ, რომ ფიფასა და უეფას კოსოვოსთვის, რომლის დამოუკიდებლობასაც საქართველოც არ აღიარებს, აქამდე არ მიუცია საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის უფლება.