რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების საკითხზე გამგებელი ზაზა ურუშაძე და დეპუტატი გია გოგუაძე შეკამათდნენ. ურუშაძემ ოპონენტი ტყუილში დაადანაშაულა: "ამდენი ხანია გისმენ და ერთი პროცენტი სიმართლე არ გითქვამს _ რასაც ამბობ ყველაფერი ტყუილია!" _თქვა ურუშაძემ.
საკითხი ეხებოდა მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისთვის საჭირო თანხის ლანჩხუთის ბიუჯეტში ასახვას, რაზეც გია გოგუაძეს გარკვეული შენიშვნები ჰქონდა. სწორედ ამ საკითხის ირგვლივ გააკეთა გია გოგუაძემ კომენტარი და გამგებელი ტყუილში დაადანაშაულა.
"ისე გამოვიდა, რომ თურმე, რაც მე ვთქვი, სრული ტყუილი ყოფილა, მაგრამ რეალურად ვინც ტყუის, ამას ახლავე ფაქტებით დაგიმტკიცებთ _ როცა გასული წლის ბოლოს ლანჩხუთის 2016 წლის ბიუჯეტი მივიღეთ, გამგეობის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ბიუჯეტი 11 235 877 ლარით აისახა. როგორც გვეუბნებიან, ამ თანხას ჯერ დაემატა 3 419 997 ლარი, შემდეგ კი 50 ათასი, 20 ათასი, 80 ათასი და 5 ათასი ლარი. უბრალო არითმეტიკით ბიუჯეტი 14 810 834 ლარი უნდა იყოს. თუმცა, საფინანსო განყოფილებაში გვეუბნებიან, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი დღესდღეობით 13 710 000 ლარია. ამიხსნას გამგებელმა, რატომ არის ეს თანხა და რატომ არაა მასში ის მილიონ 100 ათასი, რომელიც გასული წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული? ჰოდა, მე კი არა, გამგებელი ტყუის, როცა ამბობს, რომ ინფრასტრუქტურაში 3 419 997 ლარი გამოუყვეს მუნიციპალიტეტს და ამდენი თანხა არავისთვის მიუციათო. რეალურად კი 2 319 997 ლარი გამოგვეყო და ეს თანხა, თუ არ ვცდები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილ თანხებზე ნაკლებია და ურუშაძეს ასე საამაყოდ სათქმელი დიდი ვერაფერი აქვს", _ ამბობს გოგუაძე.
საკრებულოს წევრმა დამატებით არგუმენტად ისიც მოიყვანა, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, ზემონახსენები მილიონ 100 ათასი ლარი უკვე ასახული იყო:
"2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც გასული წლის დეკემბერში დავამტკიცეთ, გრანტების მუხლში 7 673 667 ლარი იდო, მათ შორის ცალკე პუნქტად იყო ასახული ეს მილიონ 100 ათასი ლარი, როგორც ინფრასტრუქტურისთვის დასახარჯი თანხა და რა გამოდის _ კიდევ ერთხელ დავამატეთ არსებული თანხები?" _ თქვა გია გოგუაძემ
ამ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. საფინანსო სამსახურში კი გვითხრეს, რომ, დღესდღეობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 13 832 374 ლარია.