სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოფილ მსჯავრდებულს თამაზ რასოიანს პასუხობს, რომელიც უწყებისგან კომპენსაციის სახით 500 000 ლარს ითხოვს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებაში შემოსულ თ.რ.-ს სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში შეტანილია შესაგებელი.
"მოსამზადებელ სხდომაზე, რომელიც 18 მაისს არის დანიშნული, დავის ფაქტობრივი გარემოებები კიდევ ერთხელ შეფასდება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან და ოდენობასთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია დაფიქსირდება სასამართლოს სხდომაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ თ.რ. ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად სცნო და განაჩენის თანახმად დასტურდება რომ მის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში 2012 წლამდე ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების იმ თანამშრომლებს, რომლებიც თ.რ.-ს სასჯელის მოხდის პერიოდში არასათანადოდ ეპყრობოდნენ სისხსლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
რაც შეეხება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თ.რ.-ს საქმეზე, განვმარტავთ, რომ კომისია არის ადმინისტრაციული ორგანო და თუ პირი არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს", _ აცნობეს "გურია ნიუსს" სამინისტროდან.
შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული მსჯავრდებული თამაზ რასოიანი სასჯელაღსრულების სამინისტროსგან კომპენსაციის სახით 500 000 ლარს ითხოვს.ამის შესახებ ინფორმაციას რასოიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ადამინის უფლებათა ცენტრი" აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, რასოიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამებას და არაადამიანურ მოპყრობას განიცდიდა.
ამავე თემაზე:
გათავისუფლებული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების სამინისტროსგან 500 000 ლარს ითხოვს