სტრასბურგის სასამართლომ დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმე განიხილა.
"გურია ნიუსი" სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების შინაარსს გთავაზობთ.
როგორც ევროპის ადამიანთა უფლება დამცველმა სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერი იყო და ასევე გონივრულ საფუძვლებს ემყარებოდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოებმა ბერკეტად გამოიყენეს მისი პატიმრობა.
"მერაბიშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ფართო პოლიტიკურ კონტექსტში მოხდა.საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ შესაძლოა პოლიტიკის დღის წესრიგის ფარული ნაწილის გამოეყენებინათ.
სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა უკვე გამოიყენება არა მხოლოდ კანონის წინაშე მის წარსადგენად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო სამსახურში სხვა დანაშაულების ჩადენის გამო, არამედ ძველი საქმეების გამოძიებისთვისაც.
საგამოძიებო ორგანოებმა ბერკეტად გამოიყენეს მისი პატიმრობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებად, რაც ევროპული კონვენციისთვის უცხოა,"_წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაიობა გამოიწვია.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არაერთგზის გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. ამის საპასუხოდ გვსურს მოსახლეობას გავაცნოთ რეალური ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების რეალური შინაარსის შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის სათაურში სიტყვასიტყვით აღნიშნულია, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი, ისე დასაბუთებული,"_ამბობს კობახიძე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება კანონიერად მიიჩნია.
"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ ორ წელიწდზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო მთავარი და ეს მიღწეულია,"_განაცხადა წულუკიანმა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნია.
ჩიორა თაქთაქიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაასვა ივანიშვილ- წულუკინის "სამართალს".
"დადასტურდა, რომ ასანიძის შემდეგ პირველად საქართველოს ხელისუფლებას ყავს პოლიტპატიმრები,"_წერს თაქთაქიშვილი.
ცნობისთვის, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მერაბიშვილს 4 000 ევრო მორალური ზარალის ასანაზრაურებლად, ხოლო გაწეული ხარჯებისთვის 8 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
როგორც ცნობილია, 2013 წლის 21 მაისს, პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა და ბრალი დასდო მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ბრალდება შეეხებოდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლას. 2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ამავე თემაზე:
მერაბიშვილ-ადეიშვილის ბრალი და მოწმე, რომელიც შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი პასუხისგებაში მისცეს
სააპელაციო სასამართლომ ი.მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
მიხეილ სააკაშვილი და ივანე მერაბიშვილი ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ