თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს Dirsi-ს ახალაშენებულ კორპუსში 30 დევნილი ოჯახი ბინის მფლობელი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს.
სამინისტრომ Dirsi-ს კორპუსში 30 ოროთახიანი ბინა 1 746 310 ლარად შეისყიდა. საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.
Dirsi – ეს არის "მინი ქალაქი", სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად განთავსებულია: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები და ა.შ.
უახლოეს მომავალში, თბილისის ზღვაზე, "ოლიმპიურ სოფელში" ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
2016 წლის ბოლომდე კი, "ოლიმპიურ სოფელსა" და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი 400 დევნილი ოჯახი გახდება.
თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა 561 დევნილ ოჯახს.
(R)