საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს.
მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით და ასევე პროკურატურის განცხადებას, რომელმაც ყველა მოსამართლე და მათ შორის გიორგი პაპუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
კვირიკაშვილის აზრით, უცნაურია, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში არ მიდის.
"მე გამოვხატავ ნებას და აუცილებლად შევხვდები მას. დავამთავრეთ წინასაარჩევნო წარდგინებები დასავლეთში. მომავალი ჯგუფის წარდგენამდე, შუალედ პერიოდში შევხვდები პაპუაშვილს, თუმცა მინდა შევახსენო მას, რომ პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული სტრუქტურა, ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლებში, როცა მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები, როცა ის ანგარიშვალდებულია პარლამენტთან. მინდა ეს მინდა შევახსენო, რადგან ჩნდება ასეთი შთაბეჭდილება, რომელსაც ქმნიან მიზანმიმართულად, რომ ამ პროცესებს მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ აბსოლუტურად ვგრძნობთ ამას, თუმცა, მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს, ეს იყო წარსულში, დღეს – არა", _ აღნიშნა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღეს პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა, გიორგი პაპუაშვილი საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადებულა.
რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მოსამართლეებზე განხორციელებულ შანტაჟსა და მუქარაზე ისაუბრა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში გარკვეულ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
"რაც გამოიხატება მათ ფარულ თვამთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწრვოებაში; დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით. აგრეთვე, შესაძლოა გასაჯაროვდეს პირადი ხასიათის ფალსიფიცირებული ინფორმაციები", _ აცხადებს პაპუაშვილი და დასძენს, რომ ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმ მაღალი ინტერესების საქმეებთან, რომლებსაც სასამართლო ახლა განიხილავს.
განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილმაც აღნიშნა, რომ გარკვეული ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრებზეც იყო.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ამავე თემაზე:
საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის რომელი წევრის სახლში ჩაატარა ჩხრეკა პოლიციამ
ჩემი ოჯახის წევრებზეც იყო გარკვეული ზეწოლის მცდელობა _ გიორგი მარგველაშვილი
მოსამართლეებს უსმენენ და აშანტაჟებენ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე