გაზეთ “გურია ნიუსში” დაბეჭდილი წერილის _ “მარტივი გამოცანა მკითხველისთვის”… გამო
სურათს დავხედე და… ცნობილი არია გამახსენდა!
სათაურმა გამაოგნა: “გამოიცანით, ჩვენი კითხვებია უფრო სულელური თუ გუბერნატორის პასუხები?!”
წერილის წაკითხვამდე დავიბენი _ ერთმანეთის ასეთი გამეტება?!
წავიკითხე და გავოგნდი _ ასეთი დონის პასუხები, ასეთი შეფასებები?!
როგორც ჩანს, ბევრმა დღესაც არ იცის, ვინ და რა არის ჟურნალისტი და ჟურნალისტიკა, ამიტომ საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას განვმარტავ: “ჟურნალისტი _ პროფესიონალი ლიტერატურული მუშაკი, ჟურნალისტიკა _ ლიტერატურულ პუბლიცისტური მოღვაწეობა”.
დაგეთანხმებით, რომ, თქვენეული გაგებით, ბევრი ვერ ვამართლებთ ასეთ ახსნას, მაგრამ ამ სტატიაში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვები შორს, ძალიან შორსაა გუბერნატორისგან შეფასებული “რაღაც სისულელისგან”!
რატომ დაგიმკვიდრებიათ თქვენს შემეცნებაში ასე ღრმად სიტყვა _ “სისულელე?!” რატომ არ ხმარობთ გასააზრებელ სიტყვებს: “არასწორი ინფორმაციაა?!”
ალბათ, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეფასება: “ქართული პრესა უაზროებებს ჯღაბნის და თავისივე ბოღმაში იხრჩობა” _ არ დაგეტოვებინათ მხარდაჭერის გარეშე. ბეჭდვითი პრესის ჟურნალისტებს არ წყალობს მიხეილი, თანაც ქართული პრესის, თორემ რუს თუ უკრაინელ ჟურნალისტებს გულის კარსაც უღებს და საამოდაც ესაუბრება. ჰო, ქართულმა პრესამ დაბეჭდა: … შუაღამისას, ორის ნახევარზე, ნახევრად გახდილ, თეთრ მინიკაბებში, მაღალ ქუსლებზე შემდგარი” რუსი ჟურნალისტები როგორი აღტაცებით მიიღო პრეზიდენტმა, თვითმფრინავში ჩასვა, ბათუმში ჩაიყვანა, სანაპიროზეც გაასეირნა და ცეკვა-თამაშშიც ჩართო.
ეს რუს ჟურნალისტებს ერგოთ პატივი. ისინი მიხეილს ქება-დიდებას შეასხამენ, პუტინსა და მედვედევზე კი, ალბათ, “საზიზღრობებს დაჯღაბნიან.”
არ მოსწონს მიხეილს ბეჭდურ პრესაში მოღვაწენი.
არადა, “უაზრობა” სამ ტყუპისცალ ტელეარხს უფრო ესადაგება (მათი გადაცემების გამო), ვიდრე ჟურნალ-გაზეთებს.
მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ზოგი არ იმსახურებს ასეთ შეფასებას, მაგრამ სიტყვა “ქართული პრესა” ხომ კარგს და ავს აერთიანებს? თანაც ამ სტატიაში უაზრობა ვერ დავინახე, თუმცა, თქვენი პასუხები, მაპატიეთ და გაუგებრადაც მეჩვენა.
ამერიკელი მწერალი ერსკინ კოლდუელი ამბობს: “იყო ჟურნალისტი _ ნიშნავს, აღწერო ყოველი დღე. მე არ მეგულება ამაზე უკეთესი საქმიანობა. მუშაობა ჟურნალისტისგან უნდა ისწავლო!”
საოცარი შეფასებაა! თანაც, ამას ერთი გენიოსის სიტყვებსაც დავამატებდი: “ჟურნალისტი _ ეს ოქროს ფონდია!”
ოქროსი რა მოგახსენოთ და ამ სტატიაში დასმული კითხვები არ ჟღარუნებენ, არც მახვილივითაა ალესილი, უბრალოდ, ადამიანური გაგებითაა დასმული (ხაზს ვუსვამ _ კითხვები!).
პასუხები კი? რატომ არის ასეთი ბოღმიანი?
არც წყლის შესახებ ვიტყვი რამეს, არც გზის და არც სახურავის… რატომ? ეკლესიასტეს შეგონებას გაგიხსენებ: “ყველაფერს თავის დრო და ჟამი აქვს ამ ცისქვეშეთში!”
მოვა დრო და დრო იტყვის სათქმელს, დიახ, იტყვის, თუ რატომ გააოგნა თქვენი “კარგი ეთერი დეიდა” გუბერნატორ ვალერის პასუხებმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე.
ახლა კი ერთი ღრმად გასააზრებელი ლექსის სტროფები მინდა შეგახსენოთ:
“ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს,
სიტყვებია ის,
რითაც გული კვნესის და კვდება,
სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება,
რომელიც, ალბათ, არ უნდა გვეთქვა,
არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს რადგან…”
არ ვუფრთხილდებით! რატომ? ამის დასტური ის არიაა, რომელიც თქვენმა სურათმა გამახსენა (ვალერი დიდზე დიდი ყანწით): “დამისხი, დამალევინე,
ეს ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა გავიგო,
ქვეყნის უკუღმა ტრიალი!”
დალიეთ?!
შეგერგოთ!
ღმერთს ვებარებოდეთ!