ეს საკითხი იყო "გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული გადაცემის _ "ა’რჩევანი" პირველი ბლოკის თემა.
გადაცემის მეორე ბლოკში "გურია ნიუსის" ჟურნალისტები დაინტერესდნენ ახალგაზრდების აზრით, იციან თუ არა მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის არჩევნებზე მისვლა და ამის გასარკვევად საქუჩო გამოკითხვა ჩაატარეს.
შედეგები არც თუ სახარბიელო აღმოჩნდა _ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, არჩევნებში მონაწილეობა და რამდენიმე წუთის დაკარგვა მნიშვნელოვანი არ არის.
თუმცა, გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საარჩევნო ყუთთან მისვლა და საკუთარი აზრის დაფიქსირება დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი და აუცილებელი ნაწილია.
გადაცემის მესამე ბლოკში ჩვენი კორესპონდენტის, გიორგი გირკელიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი გავიდა, რომელიც ოზურგეთის მესამოცე საარჩევნო ოლქში ჩატარებულ კომისიის წევრების არჩევნებს ეხებოდა.
გადაცემის ბოლო ბლოკი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრენერმა თეა უჯმაჯურიძემ დაასრულა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები შევიდა კანონში, რა სიახლეებია კომისიებში და რის სწავლა მოუწევთ კომისიის წევრებს.
_ საოლქო საარჩევნო კომისიამ აირჩია საუბნო საარჩევნო კომისიის ექვსი წევრი, თუმცა, პარტიების მიერ კომისიის წევრთა დანიშვნის ბოლო ვადა ჯერ არ ამოწურულა. შესაბამისად, კომისია ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული. ამის გათვალისწინებით, მე ჯერ სრულად არ ვიცი, არიან თუ არა კომისიებში ახალი სახეები, თუმცა, წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ კომისიები გადახალისებულია. ამავე დროს, კომისიის წევრებს შორის ახალგაზრდებიც არიან, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, დეტალური ინფორმაცია გვექნება მას შემდეგ, რაც მთლიანად დაკომპლექტდება საუბნო საარჩევნო კომისია და დაიწყება მუშაობა, _ აღნიშნა უჯმაჯურიძემ გადაცემაში სტუმრობისას.
მისივე ინფორმაციით, კომისიის წევრებს სწავლების რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ:
_ რვა სექტემბერს არის საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა. მანამდე მათ ვაძლევთ პირველ ინსტრუქციას, როგორ უნდა ჩატარდეს კომისიის პირველი სხდომა. ამის შემდეგ იმართება ტრენინგების მეორე ეტაპი, რაც, ძირითადად, მოიცავს კენჭისყრის დღემდე გასახორციელებელი ღონისძიებების სწავლებას, კენჭისყრის დღეს ჩასატარებელი პროცედურების თანმიმდევრობას და ასევე არჩევნების დღეს საჩივრების განხილვის და მათზე რეაგირების წესს. შემდგომი ეტაპი იქნება ძირითადად პრაქტიკული სამუშაოები კომისიის თავმჯდომარესთან, მდივანთან, ხელმძღვანელ პირებთან; მეოთხე ეტაპი იქნება კენჭისყრის პროცედურების გავლა კონკრეტულად საარჩევნო უბნებზე, _ გვითხრა თეა უჯმაჯურიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრენერმა გადაცემაში სტუმრობისას საარჩევნო ცვლილებებზეც ისაუბრა:
_ ძირითადი სიახლე ისაა, რომ შეიცვალა მაჟორიტარული ოლქის საზღვრები. ჩოხატაური აქამდე წარმოადგენდა ერთმანდატიან ოლქს. ახლა ჩოხატაური, 38 უბნით, გაერთიანდა ლანჩხუთის საარჩევნო ოლქთან, გარდა სუფსისა და ღრმაღელის უბნებისა, და დაემატა ოზურგეთის სოფლები: ნაგომარი, სილაური, ჯუმათი, ნასაკირალი და ძიმითი. გარდა ამისა, არის უმნიშვნელო ცვლილებები, რომლებსაც კომისიის წევრებს ტრენინგების ოთხივე ეტაპებზე გავაცნობთ, _ თქვა უჯმაჯურიძემ.
მისივე ინფორმაციით, ტრენინგები როგორც ჩოხატაურის, ასევე ლანჩხუთისა და ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიებს ჩაუტარდებათ:
_ ჩოხატაურის საარჩევნო უბნებში ადგილზე ჩავატარებთ ტრენინგებს. ლანჩხუთსა და ოზურგეთშიც ჩავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მუშაობა გავუადვილოთ.
ძალისხმევას არ დავიშურებ ყველა იმ პროცედურის განმარტებისთვის, სწავლებისთვის, რაც გვევალება საარჩევნო კანონმდებლობით, _ აღნიშნა უჯმაჯურიძემ და განმარტა, რომ 8 ოქტომბერს, ჩოხატაური/ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ხმებს ლანჩხუთში შეაჯამებენ, რადგან ძირითადი ოლქი სწორედ ლანჩხუთში იქნება.
ცესკო-ს ტრენერმა გადაცემაში ახალგაზრდების შეახებ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, რადგან საარჩევნო სისტემების შესწავლის უფრო მეტი ინტერესი იკვეთება:
_ ახალგაზრდებთან მუშაობა და ზოგადად ახალი სახეები, მე, პირადად ძალიან მიადვილდება. ისინი უფრო მეტ ინტერესს ამჟღავნებენ. უფრო მეტად უნდათ, რომ ისწავლონ საარჩევნო პროცედურები და თითქოს უფრო მოტივირებულები არიან. თუმცა, არ გამოვრიცხავთ იმ გარემოებასაც, რომ სასურველია იყვნენ ისეთი კადრები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და ახალგაზრდებთან ერთად კარგად იმუშავებენ, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას თეა უჯმაჯურიძემ.
_ ქალბატონო თეა, "გურია ნიუსის" არქივში ბევრი ვიდეო და ფოტო მასალაა იმის შესახებ, თუ როგორ არღვევდნენ კანონს კომისიის წევრები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანების კომისიებში ყოფნა მიზანშეწონილი არაა და ისინი ახალგაზრდებმა უნდა ჩაანაცვლონ?
_ კანონმდებლობა ანუ საარჩევნო კოდექსი დეტალურად განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვინ არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი _ კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ ან საარჩევნო კომისიამ. გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან რვა წელი უნდა იყოს გასული იმისთვის, რომ პირი კომისიაში მოხვდეს. დაშვება არის იმ პირზე, რომელიც ნასამართლევია, მაგრამ სანქციის სახით ჯარიმა აქვს განსაზღვრული. სხვა სახის ნასამართლეობაზე კი აკრძალვა მოქმედებს. საარჩევნო კოდექსი, ასევე, კრძალავს კომისიის წევრად სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირის არჩევასაც, _ თქვა უჯმაჯურიძემ.
მისივე თქმით, " წლების განმავლობაში იხვეწება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ცოდნის დონე, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო სისტემის რეფორმებისა და სწავლების ცენტრს":
_ მე დღეს სწორედ საარჩევნო სისტემის რეფორმებისა და სწავლების ცენტრს წარმოვადგენ, რომელიც მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ცოდნა გაიზარდოს. არსებობს ბევრი საშუალება _ გნებავთ, ბეჭდური, გნებავთ, ელექტრონული, რომლითაც სწავლებას გადიან საარჩევნო კომისიის წევრები. ასევე, არსებობს ფილმი, სადაც პრაქტიკულად ჩანს ყველა საარჩევნო პროცედურას. წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი საარჩევნო კომისიების მუშაობას და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არის წინსვლა და უკეთესი მდგომარეობა, _ აღნიშნა უჯმაჯურიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს: საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახლავთ, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღოს 18 წლის ზემოთ ასაკის პირმა, ან პირმა, რომელსაც არჩევნების დღეს უსრულდება 18 წელი. ეს უფლება ყველამ უნდა გამოიყენოს და საკუთარ მომავალს ხმა აუცილებლად უნდა მისცენ, _ თქვა უჯმაჯურიძემ.
მისივე ინფორმაციით, საარჩევნო სიები არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაზუსტდება და სიებში ის ახალგაზრდებიც მოხვდებიან, რომლებსაც 18 წელი 8 ოქტომბერს უსრულდებათ.