თავდაცვის სამინისტროს II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გადასროლის წინა მომზადების დასკვნით სწავლებებს გადიან.
უწყების ინფორმაციით, ალგეთის საწვრთნელ პოლიგონზე ბატალიონის ერთმა ასეულმა ჩხრეკა კორდონის ოპერაცია განახორციელა. საველე სწავლებაში 120-მდე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
მათივე ინფორმაციით, საველე წვრთნის დროს 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები პირობითი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ.
"სასწავლო ამოცანების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება და ამერიკული სამხედრო მანქანები გამოიყენეს. სწავლება წინასწარ განსაზღვრული ობიექტის ჩხრეკისა და კორდონის ოპერაციებს მოიცავდა. სწავლების დროს განხორციელდა შემდეგი ამოცანები: კონტაქტზე რეაგირება, დაშავებულთა ევაკუაცია, საინჟინრო, მოტორიზებული და ქვეითი პატრული და ასე შემდეგ.
გადასროლის წინა მომზადების მიმდინარეობას ქართველი და აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ", _ აღნიშნავენ სამინისტროში.
23-ე ბატალიონი საქართველოში მომზადების დასრულების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება სადაც საბოლოო შეფასებას გაივლის.
ქვედანაყოფი ავღანბეთში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს შეასრულებს.