მათ შორის დავა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც დაჯარიმებული და დამჯარიმებელი სამართალდამცავებმა პოლიციაში გადაიყვანეს. ინციდენტს გაზეთ “ალიონის” რედაქტორი ნუგზარი ასათიანი შეესწრო, რომელიც “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ საშემოსავლო სამსახურის თანამშრომლებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
_ შევესწარი კონფლიქტს. კერძო აგენტებს არ ესიამოვნათ ჟურნალისტის მისვლა, ფაქტების გადაღება და ჩემზე პირდაპირ წამოვიდნენ აგრესიულად, მომაყენეს შეურაცხყოფა, რატომ გვიღებო! მიყვიროდნენ და დამარტყეს კიდეც, დამემუქრნენ, აპარატს მიმტვრევდნენ. ეს ჩხუბი ხდებოდა ქუჩაში, საჯარო სივრცეში, მე ვახორციელებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, რაშიც მათ ხელი შემიშალეს, _ ამბობს ასათიანი.
_ სამი ბიჭი მოვიდა და გვითხრეს, რომ თბილისელები ვართ, კერძო საგადასახადოს თანამშრომლებიო. რატომ არ ამოწერე დროულად ჩეკიო და მაშინვე ჯარიმა გამოწერეს. სახელი და გვარი რომ ვკითხეთ, არ გვითხრეს. ისეთი ამბავი ატყდა! მაშინვე მოვიდა პატრული, მაღაზიის მეპატრონე და საგადასახადოს თანამშრომლები პოლიციაში წაიყვანეს, _ ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი მაია ხომერიკი.
საგადასახადო სამსახურის კერძო თანამშრომლების მიერ მოვაჭრეების დაჯარიმების შესახებ “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა.
მსგავსი შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე, როგორც აქ მოვაჭრეები აცხადებენ, უკვე მეოთხეჯერ დაფიქსირდა. ერთ-ერთი კი, 24 ივლის საქართველოს პრეზიდენტის ოზურგეთში გასაიდუმლოებული ვიზიტის დროს მოხდა.
_ უკვე უმართავი სიტუაციაა. ხალხი ასეთ შემთხვევებზე პასუხს აღარ აგებს, _ აცხადებენ მოვაჭრეები.
ჟურნალისტის ნუგზარ ასათიანის თქმით, ის სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.